ასათიანის ადვოკატი: თუ სასამართლო პროცესი გაიწელა, ეს ნეგატიურად აისახება „მაესტროზე"
„მაესტროს" 25 %-იანი მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის ინფორმაციით, თუ სასამართლო პროცესები გაიწელა, ეს ნეგატიურად აისახება ტელევიზიაზე და შესაძლოა, „მაესტროს“ სიგნალი გაითიშოს.
როგორც საქალაქო სასამართლოში მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომ სხდომა გადაიდოს, ვინაიდან შესაძლოა, გია გაჩეჩილაძემ მოითხოვოს პროცესის გადადება მანამდე, ვიდრე დირექტორად არ დაინიშნება.
„არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომ ვივარაუდოთ სხდომის გადადება. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ შესაძლოა, გაჩეჩილაძემ მოითხოვოს სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ სასამართლო დაელოდოს დირექტორად მის დანიშვნას. თუმცა შესაძლოა, დირექტორად დანიშვნას დრო დასჭირდეს და კრედიტორები რატომ უნდა დაელოდნენ გაჩეჩილაძეს", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
მისივე თქმით, თუ პროცესი გაიწელა, უცხოელი კრედიტორები შესაძლოა აღარ დაელოდონ პროცესს და გათიშონ სიგნალი.