“ასავალ -დასავალის” პროსკრიფციები
ასავალ დასავალის მიერ გლდანის ციხის თანამშრომლების ვინაობისა და მისამართების გამოქვეყნებას საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა
2 ოქტომბერს გაზეთ “ასავალ-დასავალში” სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები - სახელები, გვარები, დაბადების თარიღები და მისამართები გამოქვეყნდა.
N8 დაწესებულება ის საპყრობილეა, საიდანაც პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა.
“ასავალ-დასავალის” მიერ სიის გამოქვეყნებას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში - საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს ციხის თანამშრომებისადმი ანგარიშსწორებისკენ მოწოდება იყო.
პუბლიკაციის გამოქვეყნება უარყოფითად შეაფასა “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, მისი აზრით, ჟურნალისტმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოს და საპატიმროებში მომხდარი ფაქტები დააზუსტოს, თუმცა ეს იმ ტიპის პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებას არ გულისხმობს, რომელიც შეიძლება რისკის შემცველი აღმოჩნდეს.
ქორიძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა შეუძლია, თუმცა “ეეჭვება რომ ამ შემთხვევაში ეს ინტერესი კმაყოფილდება”
ქორიძე ფიქრობს, რომ სიის ასეთ კონტექსტში გამოქვეყნება არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ადამიანური ეთიკის დარღვევაა.
ზვიად ქორიძის თქმით, ეთიკის ქარტიას მხოლოდ განცხადების გავრცელება შეუძლია და სხვა ტიპის სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია. “თუმცა შეგვიძლია საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ ამ ტიპის მედიასაშუალებები არ შეიძინონ”
“ასეთი პუბლიკაციები დარტყმის ქვეშ თავად მედიას აყენებს” - ამბობს ქორიძე.
მისი აზრით თითოეულმა თანამშრომელმა, რომელთა უფლებაც შეილახა, სასამართლოს პერსონალურად უნდა მიმართოს.
“ვიდრე საზოგადოების თითოეული წევრი სამართლებრივი მექანიზმებით არ იხელმძღვანელებს, მედიის გარკვეული ნაწილი, რომლებიც ეთიკას არად დაგიდევენ, ასეთი არაპროფესიული სტანდარტების ერთგული დარჩება”. - ამბობს ზვიად ქორიძე.
მის აზრს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაიაც ეთანხმება: “მედიასაშუალებამ მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს პატივი უნდა სცეს, ასე დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მიზნის გარეშე გვარსახელებისა და მისამართების გამოქვეყნება არ შეიძლება”
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ია ანთაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა თითოეული ასეთი ფაქტების შესახებ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ და გააპროტესტონ, “ახლა არის მომენტი, როდესაც საზოგადოება განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს და პირადი რევანშიზმი არ დაუშვას, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი სამართლებრივი სახელმწიფოსკენ და რევანშიზმი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აბსოლუტურად უნდა გაიმიჯნოს.”
“ლიბერალი” შეეცადა გაზეთ “ასავალ-დასავალის” რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს დაკავშირებოდა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
გაზეთის ჟურნალისტს ჯაბა ხუბუას კი უკვირს - “რა შუაშია ჟურნალისტური ეთიკა”?
მისი ინფორმაციით, გაზეთს ეს სია ცხელ ხაზზე მიაწოდეს. ხუბუა მიიჩნევს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სიის გამოქვეყნება გამართლებული იყო. ჟურნალისტის აზრით, ციხის თანამშრომლებზე საზოგადოების მხრიდან მორალური წნეხი უნდა არსებობდეს, რათა “ვინც სამართლებრივ პასუხისმგებლობას გადაურჩება და სისტემაში დარჩება, სუფთად და პატიოსნად იმუშაოს.”
“რაც შეეხება პირად ანგარიშსწორებას, ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად მოსალოდნელია” - აღნიშნა ჯაბა ხუბუამ.
სოციალურ ქსელებში სიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სტუდენტებმა საპროტესტიო აქციის გამართვა დაგეგმეს და სპეციალური მიმართვაც გაავცელეს:
“სტუდენტური პროტესტი დაიწყო უსამართლობის წინააღმდეგ, რამაც გარკვეული შედეგიც გამოიღო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რისთვის ვიბრძოდით და რას ვაპირებთ მომავალში.
ჩვენი პროტესტი არ ყოფილა პოლიტიკური მმართველობის ცვლილებისათვის, სისტემის ნგრევა ჯერ კიდევ მიუღწეველია და აჟიტირებული საზოგადოების მხრიდან რევანშისტული მიდგომა ყოფილ მოძალადეებზე, ან უბრალოდ სისტემაში მომუშავე პირებზე ახლა შეიძლება უფრო საშიშ ფაზაში აღმოჩნდეს.
მოვუწოდებთ ყველას შეინარჩუნოს სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ იგივე დანაშაულს, რასაც აქამდე ჩადიოდა ხელისუფლება. ნუ გექნებათ იმედი რომ ოპოზიციური მედია თქვენი დასაყრდენი გახდება ახალი დანაშაულების გადასაფარად.
სიძულვილის ენა, რომლითაც გამოირჩევა გაზეთი "ასავალ-(დ)ასავალი", ახლა უკვე "გამარჯვებული ხალხის" მოტივირებას ახდენს და სთავაზობს გლდანის ციხის თანამშრომლების პირდაპირ სიას მისამართებით, რაც არის არათუ უბრალოდ დასაგმობი ფაქტი, არამედ დანაშაული და ბოროტება!
სტუდენტებისათვის ახალაიას პასუხისგებაში მიცემა ჯერ კიდევ შეუსრულებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ რამე გვავიწყდება ან ჩვენი გეგმები ხელისუფლებასთან ერთად შეიცვლება. ყველა, ვინც ჩუმადაა ძალადობის ფაქტებზე, თავად არის მონაწილე ძალადობის!
ჩვენ გამარჯვებულები მხოლოდ მაშინ ვიქნებით, თუკი აღმოვფხვრით იმ ძალადობის ფაქტებს, რის წინააღმდეგაც გამოვიდა რამდენიმე ათასი სტუდენტი და არ დავუპირისპირებთ მათ ახალი ძალადობის ტალღას, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ძველისაგან.
ძალადობა ძალადობაა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს მას! უარი ვუთხრათ ძალადობას და მის პროპაგანდას მედიის მხრიდან!”
სტუდენტები პროტესტის გამოსახატად 18:00 საათზე რედაქციის წინ შეიკრიბნენ. აქციაზე გაზეთის ინტერესების დასაცავად რამდენიმე პირთან ერთად დავით ისაკაძე მივიდა. მათ შორის სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გაიმართა.
სიის გამოქვეყნების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გამოეხმაურა: ““მიგვაჩნია, რომ გლდანის საპყრობილესთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ამგვარი ქმედება გაზეთის მხრიდან ძალადობის წახალისების მცდელობად შეიძლება იქნეს განხილული და ამდენად შეუთავსებელია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებთან.
მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, თავი შეიკავონ იმგვარი მასალების გამოქვეყნებისგან, რომლებიც სიძულვილის გაღვივებასა და ძალადობის წახალისებას ემსახურება” - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველიც: “აშკარაა საზოგადოების მაღალი ინტერესი ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში ასახულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებისადმი. ამავე დროს, სტატიაში გამჟღავნებულია ისეთი ტიპის პერსონალური მონაცემები, რომლებიც იძლევა პირთა იდენტიფიცირების საშუალებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სტატიაში ჩამოთვლილი პირების და მათი ოჯახების წევრების მიმართ აგრესია და მათი უფლებების დარღვევა.
დანაშაულში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოთა პრეროგატივას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, გაატარონ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეულ ფაქტზე, ამავდროულად მოუწოდებს მედია საშუალებებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მოქალაქეებს.” - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
საქართველოს სასჯელარსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით კი - “საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე.”
სამინისტრო ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია, დაწესებულების, ადმინისტრაციის, ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ არ განსაჯაროებულა.
სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსს ეყრდნობა და აცხადებს, რომ: - “პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება, წარმოადგენს დასჯად ქმედებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საგამოძიებო ორგანოები ყურადღებით მოეკიდებიან აღნიშნულ ფაქტს და განახორციელებენ იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევით საჯარო გახადეს”.
სამინისტრო განცხადებაში განმარტავს, რომ: “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაულია.”