„ასე თუ გავაგრძელეთ, კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდება" - გახარია
ამ წუთებში პარლამენტში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მომუშავე დროებითი საგამოძიებო კომისია შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ პროკურორს, შოთაძეს შეკითხვებს უსვამს.
საგამოძიებო კომისიის წევრებმა მინისტრს ჰკითხეს, იცოდა თუ არა ამა თუ იმ მოქმედების შესახებ, რომელიც გამოძიებამ არ ჩაატარა.
ელენე ხოშტარიას შეკითხვაზე, დღეს არსებულ ფაქტებზე დაფუძნებით მიაჩნია თუ არა, რომ იკვეთება მირზა სუბელიანის მხრიდან გამოძიების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა, გახარიამ უპასუხა, რომ ის „კომისიის დასკვნას ელოდება" და ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
მან კომისიის წევრებს გამოკითხვაზე დაბარებული გამომძიებლების შესახებ ჰკითხა და ამ საკითხზე საუბრისას ელენე ხოშტარიას მიმართა - „ასე თუ გავაგრძელეთ, კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდება." - თქვა გახარიამ.
გახარიას თქმით, გამომძიებელ ფიფიას გარდა, კომისიას სხვა გამომძიებლებიც უნდა დაეკითხა.
„უნდა დაუძახოთ კონკრეტულ გამომძიებელებს, ვინც საქმეს იძიებდა და არა ფიფიას და სხვა ხუთ გამომძიებელს. საქმეს ჰყავს ხუთი ოფიციალური გამომძიებელი. ამ ხალხიდან ეძახით მხოლოდ ერთს და ეძახით კიდევ ორ ადამიანს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გეუბნებიან, რომ მე არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით სერტიფიცირებულიც არ ვარ, გამოძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია, მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ვასრულებდი და ამას არ ისმენთ“, – განაცხადა გახარიამ.