აშშ-ის ანგარიში NGO-ებისა და ოპოზიციური პარტიის შეფასებების კომპილაციაა - ზალკანიანი

 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს გამოეხმაურა.  მისი თქმით, აღნიშნულ ანგარიშში არ არის შეფასებები მიმდინარე პროცესებზე, არამედ მასში ასახულია არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებები.  „ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები არის გასათვალისწინებელი და ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს არის ანგარიში, რომელშიც არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს არის ანგარიში, რომელშიც არის წარმოდგენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია. გულდასმით გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ანგარიში, სადაც ჩვენ არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა. __________ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა  ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აშშ კრიტიკულად აფასებს გასულ წელს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რჩება ნიშნები, რომელიც მართმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლოებაში ჩარევაზე მიუთითებს. მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლისგან ისევ დაუცველები იყვნენ, იქნება ეს ზეწოლა სისტემის გარედან თუ შიგნიდან“, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში აღნიშნავს, რომ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სხვა ორგანიზაციები თუ ჯგუფები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამდნენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმების ე.წ. „მესამე ტალღა“ ხარვეზებით წარიმართა, რაზეც კოალიციასთან ერთად, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი და საერთაშორისო საზოგადოებაც საუბრობდა. სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების 24 დეკემბერს დასახელებულ სიასაც ეხება. ანგარიშში აღწერილია პროცესები, რომელიც იმ კანდიდატების სიის წარდგენას მოჰყვა, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები ჰქონდა.