აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ადვოკატის განცხადებით, ციხეში აწამეს
აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტის, ნიჟატ ამირასლანოვის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი ციხეში აწამეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ამირასლანოვი 22 მაისს დააკავეს და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
ამირასლანოვს 3 ივნისს განაჩენი უნდა გაეპროტესტებინა, თუმცა ამის ნაცვლად მან თავი დამნაშავედ ცნო.
ადვოკატ ელჩინ სადიქოვის თქმით, მან მოსმენის შემდეგ ნახა ამირასლანოვი და ჟურნალისტს კბილები არ ჰქონდა, მაშინ როდესაც რამდენიმე დღით ადრე მისი კლიენტი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
ადვოკატის თქმით, მან ნახა თუ როგორ მიუთითებდა მოსამართლის თანაშემწე მის კლიენტს რაღაცას და ვარაუდობს, რომ ამირასლანოვს მოსთხოვეს დანაშაულის აღიარება.
სადიქოვი ძალადობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.