აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხთარლი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

 
აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა.  ჟურნალისტის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ ინფორმაციას Meydan TV ავრცელებს.  აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.  ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია.  საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.  მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.