ბავშვებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ - ანგარიში
ქართული კანონმდებლობა ბავშვებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას აფერხებს, - ამის შესახებ საუბარია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში. მასში საუბარია იმაზეც, რომ კანონი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სრულწლოვანსა და არასრულწლოვანს.
ანგარიშის თანახმად, 1994 წელს ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ბავშვების ინფორმირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები არ ჩაუტარებია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა სკოლას ავალდებულებს, ბავშვებს საჩივრის წარდგენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, კანონის ეს ნორმა არ ითვალისწინებს ბავშვის მხარდაჭერას საჩივრის მომზადების ეტაპზე.
„როდესაც მშობლები არღვევენ საკუთარი შვილების უფლებებს, ბავშვთა დაცვის სამსახურები (სოციალური მომსახურების სააგენტო) ვალდებულნი არიან, მშობლის წინააღმდეგ მიიღონ ზომები მათი შვილების უფლებების დარღვევის გამო. თუმცა ეს იშვიათად ხდება. ხშირად სოციალური მომსახურების სააგენტოს არაეფექტური მუშაობის, ასევე საქმეების შესწავლის გამოა, რომ სასამართლოში მცირე რაოდენობის სარჩელი შედის“,- აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, პარლამენტმა უნდა გადასინჯოს ის კანონები, რომლებიც ბავშვებს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს; უნდა ჩატარდეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ზემოხსენებულ თემებზე; ხელი უნდა შეეწყოს იმას, რომ ბავშვის აზრს უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ყველგან, როგორც სასამართლო სისტემაში, ასევე საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ამასთან, რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს, მიუწვდებათ თუ არა ბავშვებს ხელი საჩივრის წარდგენაზე.