ბერლინის გაყოფის დღიდან 60 წელი გავიდა
ფოტოგრაფმა ფრანც ჰაბმანმა ეს ფოტო საერთაშორისო სააგენტოებისათვის 1961 წლის აგვისტოში გადაიღო. მასზე გამოსახულია, თუ როგორ უქნევენ ხელს დასავლეთ ბერლინის მცხოვრებლები მათ, ვინც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში საზღვრის მეორე მხარეს დარჩა.
1961 წლის ზაფხული ბერლინის კრიზისის თარიღია - გამწვავდა ცივი ომი, რომლის დროსაც საბჭოთა კავშირმა ბერლინიდან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარების გაყვანა მოითხოვა.
დასავლური ქვეყნების ჯარები გერმანიაში (საბჭოთა არმიასთან ერთად) 1945 წლიდან, საოკუპაციო ძალთა უფლების საფუძველზე იმყოფებოდნენ. ბერლინის სტატუსი არ იყო დარეგულირებული; სამხედროებსაც და სამოქალაქო პირებსაც, ქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ (საბჭოთა) ნაწილებს შორის, გადაადგილების უფლება ჰქონდათ.
დასავლელმა მოკავშირეებმა მოსკოვის ულტიმატუმი არ შეასრულეს, პასუხად კი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ 13 აგვისტოს ჩაკეტა საზღვარი ბერლინის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის და ბერლინის კედლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თავდაპირველად დიდწილად მავთულხლართს წარმოადგენდა.
1961 წლის 13 აგვისტოს შემდეგ, თითქმის 30 წლის განმავლობაში ქალაქი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. კედელი იქცა ბარიერად აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში გაქცევის მსურველებისათვის. ამ კედლის დანგრევა 1989 წელს - ცივი ომის დასრულების და ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დაცემის მთავარი სიმბოლოა.