ბესელია საბჭოს წევრების არჩევაზე: არავინ ელოდებოდა ასეთ გადაწყვეტილებას, რაც დღეს მივიღეთ

 
„დიდხანს მიმდინარეობდა შერჩევა, ანალიზი, იუსტიციის საბჭოს წევრების კანდიდატების და იმ ოთხი ადამიანის, რომელსაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. უმრავლესობა რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფი ყოფილიყო, არასოდეს მისცემდა ხმას ისეთ კანდიდატს, როგორიც არის ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის პოზიცია საჯაროდ არის ცნობილი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება არა პოლიტიკური ინტერესების, არამედ საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით მიიღეს.  „ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპებით, რაც სჭირდება საბჭოს, რეფორმას. გავითვალისწინეთ სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილი. მგონია, რომ არავინ ელოდებოდა ასეთ გადაწყვეტილებას, რაც დღეს მივიღეთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.  დღეს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს ოთხი არამოსამართლე წევრი აირჩია. ისინი უმაღლეს საბჭოში ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, ვახტანგ თორდიას და გოჩა მამულაშვილს ჩაანაცვლებენ. ესენია: ნაზი ჯანეზაშვილი 108 ხმით ირმა გელაშვილი - 100 ხმით ლევან გზირიშვილი - 93 ხმით ზაზა ხარებავა - 84 ხმით