ბიძინა გეგიძე ვაკის პარკსა და სხვა მშენებლობებზე - სრულიად ამოვარდნილია იურიდიული, მორალური თუ პროგრესული ჩარჩოებიდან
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ბიძინა გეგიძის თქმით, მერია ვალდებულია, იდავოს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ ან მოელაპარაკოს კომპანიას.
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარე აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა მოუნდეს კეთილსინდისიერ კომპანიას სარეკრეაციო სივრცეში სასტუმროს მშენებლობა.
„იმიტომ არის მერია, რომ ის ვალდებულია, იდავოს და მოელაპარაკოს ინვესტორს. რაც შეეხება კომპანიას, მე იმავეს გავიმეორებ - გაუგებარია, რატომ უნდა მოუნდეს კეთილსინდისიერ, პროგრესულ კომპანიას მაინცდამაინც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. რომც ააშენოს კომპანიამ, მერე როგორ წარმოუდგენია თავისი მომავალი და რეპუტაცია?! თუ, რა თქმა უნდა, ორი დღით არ არის შექმნილი და კონკრეტულად ამ სასტუმროს მშენებლობისთვის და თუ არ უფრთხილდება თავის წარსულსა, ან მომავალს“, - განუცხადა ბიძინა გეგიძემ „ლიბერალს“.
გეგიძის თქმით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა ის შეთავაზება, რასაც მერია შესთავაზებს კომპანია, „სასტუმრო ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებს.
„რატომ სთავაზობს მერია კომპანიას ვაკის პარკში რესტორანს და არა სპორტულ სივრცეს? ბიზნესმენებს ბევრჯერ მივმართე ყველანაირ ფორმატში და ყველა ტრიბუნიდან. ცოტა უნდა შეიცვალონ და ეს მენტალობა უნდა დაინგრეს. ისინი კომერციას მარტო რესტორნებსა და მაღალსართულიან კორპუსებში ეძებენ. ჯანსაღი სივრცეებიც შეიძლება იყოს კომერციული თუ ნიჭიერი ბიზნესმენი ხარ“, - თქვა ბიძინა გეგიძემ.
პარლამენტის წევრი, ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოება უნდა იყოს გაცილებით უფრო აქტიური და ჩართული იმ პროცესებში, რაც ქალაქში მიმდინარეობს. დეპუტატის თქმით, დრამატული განაშენიანებაა ჟვანიას ქუჩაზე და იგივე ხდება მზიურშიც და ეს „სრულიად ამოვარდნილია იურიდიული, მორალური თუ პროგრესული ჩარჩოებიდან“.
„საზოგადოება უნდა იყოს გაცილებით უფრო აქტიური და არამარტო კონკრეტულად ვაკის პარკის საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს [ვაკის პარკის თემაზე აქტიურობა] კარგია, მაგრამ არის უამრავი სხვა საკითხი თბილისში. მაგალითად, რა ხდება ჟვანიას ქუჩაზე? როგორი დრამატული განაშენიანებაა. მზიურში, რაც ხდება... რაგბის მოედანზე უზარმაზარი კორპუსების მშენებლობა სურთ. უკვე იქამდე მივიდა მთელი ეს პროცესი, რაგბის კავშირი ყიდის რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ მიწას დეველოპერზე, რომელმაც იქ უნდა ააშენოს კორპუსები, ხოლო გარაჟები და კომერციული ფართები უნდა გადასცეს რაგბის კავშირს რაგბის განვითარებისთვის“, - განუცხადა „ლიბერალს“ ბიძინა გეგიძემ.
______________________________________
დღეს თბილისის მერიაში გაიმართა შეხვედრა თბილისის მერიისა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებს შორის.
„რეალობა არის ის, რომ მერია არის საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ. გადასულები არიან ძველებურად, ხელების გადაგრეხვაზე. ნარმანიას შემდეგ იმავეს აკეთებენ ესენიც", - ამის შესახებ „სასტუმრო ბუდაპეშტის" წარმომადგენელმა, გიორგი ზაქაიძემ განაცხადა.
როგორც ზაქაიძე ამბობს, მერია მათ ვაკის პარკში პატარა რესტორნის მშენებლობას ან მიწის ნაკვეთს გაცვლას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია.
მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშაა - „სასტუმრო ბუდაპეშტის" წარმომადგენელი
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ისინი „სასტუმრო ბუდაპეშტის" დამფუძნებელთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.
ვიცე-მერი: „სასტუმრო ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის" საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.
საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.