ბიძინა ივანიშვილის ქონება წელს 270 მილიონი დოლარით გაიზარდა

 
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე 270 მილიონი დოლარით გაიზარდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება, ვებგვერდის მიხედვით, ამჟამად 5.27 მილიარდ დოლარს შეადგენს. ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 352-ე ადგილს იკავებს. 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5 მილიარდი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქონება ყველაზე დაბალ ნიშნულზე 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დაეცა და 5 მილიარდს ჩამოსცდა. მაქსიმუმს - 6.40 მილიარდ დოლარს კი 2013 წლის სექტემბერში მიაღწია. ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის მიხედვით, ქონება პოსტსაბჭოთა პერიოდში, რკინის საბადოებსა და ქარხნებში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებით დააგროვა. 2003-2006 წლებში ქონების ნაწილი გაყიდა და 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი თანამდებობა დატოვა. Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, მისი ყველაზე მსხვილი აქტივები კი ფულადია. ამერიკული გამოცემა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის შემოსავლებზე ინფორმაციას მუდმივად აახლებს.