„ბირჟა მაფიის“ წევრი, გიორგი ქებურია სამართალდამცავებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

 
პროკურატურის მხრიდან გიორგი ქებურიასთან გასაუბრება გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფრომაციით, ჯგუფ „ბირჟა-მაფიის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ქებურია პოლიციელებს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, ქებურია ითხოვს გამოძიების დაწყებას სამართალდამცავების წინააღმდეგ.  „გიორგი ქებურიამ თავად დააფიქსირა პოზიცია, რომ აღნიშნულ ფაქტზე ითხოვს გამოძიების დაწყებას და მიიჩნევს, რომ არის მსხვერპლი იმ ძალადობის, რაც განხორციელდა მის მიმართ. კერძოდ, გიორგი განმარტავს, რომ სამართალდამცავების მხრიდან დაკავებისას ნახსენები იყო კლიპი, აქ საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა, რომელიც ქებურიას ადვოკატია.  მისი თქმით, გიორგი ქებურიამ აღიარებით ჩვენებას ხელი იძულებით მოაწერა.  „მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, რომელიც მას არც კი წაუკითხავს, ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა, რადგან მას არ მისცეს საშუალება, ჰქონოდა სათვალე. მას აქვს მხედველობის პრობლემები. ქებურიას დანაშაული არ უღიარებია. დოკუმენტი, რომელზეც საუბრობს შსს, რეალურად გამომძიებლების დაწერილია და მასზე ისე მოაწერინეს დაკავებულს ხელი, არც კი იცოდა, რაზე აწერდა"- განმარტა მერაბ ჩიქოვანმა. გამომძიებელი და ადვოკატები,  გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს იმ განცხადების საფუძველზე ხვდებიან, რომლის მიხედვითაც მათთვის ნარკოდანაშაულისთვის ბრალის დადება კონკრეტული კლიპის გადაღებას უკავშირდება.