ბოლო 5 თვეში არასრულწლოვან შვილებზე ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს

 
შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირი ამხილა, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი. აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება. ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას. მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში  შეტყობინების ინიციატორი იყო: ✅62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია) ✅32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი; ✅4 შემთხვევაში - მეზობელი; ✅3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი; ✅2 შემთხვევაში - ნათესავი; ✅2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა; ✅2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური; ✅1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია; ✅1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური; ✅1 შემთხვევაში - სხვა პირი. შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა. არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით  უზრუნველყოფის შესაძლებლობა.