ბორჯომში ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია

 
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე ბორჯომში ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია, სალიკვიდაციო სამუშაოები კი დილიდან განახლდება.  უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებდნენ.  როგორც სამსახურში აცხადებენ, ადგილზე დილამდე დარჩებიან მეხანძრე-მაშველები, ხვალიდან სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.  ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობის ფართობზე გაჩნდა ხანძარი.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.