ბურჯანაძე: თუ არ დაველაპარაკებით რუსეთს, შეიძლება, დღევანდელი ვითარება სანატრელი გაგვიხდეს

 
„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებას ეხმაურება. ბურჯანაძის თქმით, ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსული მხარე მზად არის არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ უფრო მაღალი ფორმატის მოლაპარაკებების გასამართად, ქართული მხარის პოზიცია, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, დანაშაულებრივი პოზიციაა. „მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის დანაშაულებრივი პოზიცია და კიდევ ერთხელ ვეუბნები მოსახლეობას და ვაფრთხილებ, თუ ჩვენ ამ უგუნურ პოლიტიკას გავაგრძელებთ და არ დაველაპარაკებით რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას, შეიძლება დღევანდელი ვითარება სანატრელი გაგვიხდეს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კარგად მახსოვს 2008 წლის აგვისტო, როდესაც 7 აგვისტოს მე მირეკავდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე და მეუბნებოდა, რომ ლავროვი მთელი დღეა, გვირეკავს და ტელეფონს არ ვიღებთო. მე მახსოვს ჩემი მწვავე პასუხი და კატეგორიული მოთხოვნა, აიღეთ ყურმილი და უპასუხეთ, თორემ ხვალ ჩვენ დაგვჭირდება და ისინი აღარ გვიპასუხებენ-მეთქი. სამწუხაროდ, მაშინ ჩემი პროგნოზი ახდა; მეორე დღეს 8 აგვისტოს უკვე მიხეილ სააკაშვილი და ვაშაძე მირეკავდნენ და მთხოვდნენ, ვრეკავთ მოსკოვში და არც ლავროვი, არც სხვა აღარ გვპასუხობსო“,- განაცხადა ბურჯანაძემ. მისი თქმით, პოლიტიკურად, დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები ისეთივე უგნურებაა, როგორც 2008 წლის მთავრობის მიერ ლავროვის ზარებზე პასუხის გაუცემლობა იყო. ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მომავალში პასუხს აგებს იმ დანაშაულებრივი დუმილისთვის, რასაც საქართველოს ტერიტორიების დაპატარავების მიუხედავად ინარჩუნებს.