„ჩემი ქვეყნისთვის ეშმაკთანაც დავდებ ხელშეკრულებას" - „პატრიოტების“ შიმშილობის მე-16 დღე

 
თბილისში, პარლამენტის ძველი შენობის წინ მეთექვსმეტე დღეა, „პატრიოტთა ალიანსის" მოშიმშილეთა აქცია მიმდინარეობს. პარტიას ხელისუფლებასთან ცხრა ძირითადი მოთხოვნა აქვს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ქეთევან დოლიძის თქმით, უმნიშვნელოვანესია რუსეთთან დიალოგის წამოწყება: „ვერ გავიგე, რატომ ვარ ჩემი ქვეყნის მტერი, თუ რუსეთთან დიალოგი მინდა. მინდა, ვესაუბრო ჩემი ქვეყნის ტერიტორიებზე - რაღაც დამითმოს, უკან დამიბრუნოს; ვკითხო, რისი მიღება სურს ჩემგან ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ. ეშმაკთანაც დავდებ ხელშეკრულებას ჩემი ქვეყნის ტერიტორიებისთვის". პარლამენტის წინ აქციის მეთექვსმეტე დღეს 8 ადამიანი შიმშილობს. მოშიმშილეები ჩივიან, რომ პოლიცია, ცუდი ამინდის მიუხედავად, მათ კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევს. „სულ ჯდომა ხომ არ შეგვიძლია. არადა, უფლება არ გვაქვს რამე გავშალოთ. ქოლგებს ვიფარებთ წვიმაში, მაგრამ ფეხები მაინც ხომ გვისველდება?! არც სავარძლებს გვადგმევინებდნენ, კიბეზე ჩამოჯექითო", - ამბობს ქეთევან დოლიძე. „პატრიოტთა ალიანსი" შიმშილობას 22 ოქტომბრამდე აპირებს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არჩევნებიც გაყალბდება, პარტია საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს.