ჭორვილის უბანზე 2007 წ. 7 ნოემბრის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა გაიმარჯვა

 
ფოტო: topnews.com.ge „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის შემდეგ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჭორვილის უბანზე მიხეილ სააკაშვილს მისცა ხმა. „სისხლიან სააკაშვილს" არა მარტო ხმა მისცა 2007 წლის შემდეგ, როდესაც გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობები უკვე მომხდარი იყო, არამედ  7 ნოემბერი დაუფინანსა, რითაც გვჟეჟეს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა რადიო „პალიტრის" ტოქშოუ „რეზიუმეში". ვიდეო: რადიო „პალიტრა" „ლიბერალის“ მიერ ცესკო-დან გამოთხოვილი საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, 2007 წელს 7 ნოემბრის შემდეგ გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში (2008 წლის 5 იანვარს) საჩხერის სოფელ ჭორვილაში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 329 ხმა მიიღო. სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა ლევან გაჩეჩილაძემ - 140 ხმა; ბადრი პატარკაციშვილმა - 3 ხმა; შალვა ნათელაშვილმა - 55; დავით გამყრელიძემ - 40; გია მაისაშვილმა - 6; ირინა სარიშვილმა - 1. 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, სააკაშვილმა ხმების 53.47% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ლევან გაჩეჩილაძემ - 25.69%. არჩევნების შედეგები ოპოზიციამ არ აღიარა, რაც ინაუგურაციის დღეს იპოდრომზე მასშტაბური აქციით გააპროტესტა.