ჩუგოშვილი: ქვეყანამ დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით

 
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების რეზოლუციის პროექტის განხილვას ესწრება. მისი თქმით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით.  „ევროპის საბჭოში საქართველო ამ მიმართულებით კარგ მაგალითად მიიჩნევა. ამ რეზოლუციის ნაწილზე ჩვენი დელეგაციიდან ქალბატონი ეკა ბესელია მუშაობდა და ვფიქრობ, მხოლოდ პოზიტიური აქცენტები გაკეთდება", - აღნიშნა ჩუგოშვილმა. შესასრულებელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ეს ძირითადად მიმდინარე გამოძიებებს უკავშირდება.   „ყველა ქვეყანას აქვს შესასრულებელი გადაწყვეტილებები, ეს მიმდინარე პროცესია. ჩვენს შემთხვევაში, შეუსრულებლობა მიმდინარე გამოძიებებთან არის დაკავშირებული ანუ, ვიდრე გამოძიება არ დადებს გარკვეულ შედეგებს ზოგიერთ საქმეზე, მანამდე საქმის დახურვა და შესაბამისად, შესრულებულად მიჩნევა ვერ ხერხდება,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.