სააკაშვილი: არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი ნაბიჯი ბანკ „ქართუს“ ჩამორთმევა იქნება
„საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მთავრობის ცვლილების კვალდაკვალ, პირველი ნაბიჯი იქნება ბანკი “ქართუს“ ჩამორთმევა, ივანიშვილის ქონების დაყადაღება და რაც აქედან შემოვა, ამ ყველაფრის დარიგება საზოგადოებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ მეშვეობით განაცხადა.
მან საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი მევახშე ივანიშვილი და მისი „ქართუ ბანკია“.
„ახლა გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ყოფილი არარაობა მინისტრები, მათ სესხები გამოტანილი ჰქონდათ ბანკი “ქართუდან“ და პროცენტებს თქვენი ჯიბიდან იხდიდნენ ივანიშვილის ჯიბეში. ბანკი “ქართუს“ მოგებები გაიზარდა რამდენჯერმე სახელმწიფო ორგანიზაციების ხარჯზე. მას არ გამოუვა სხვა ბანკებზე ამის გადაბრალება, მთავარი მევახშე არის ბანკი “ქართუ“ და ივანიშვილი. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მთავრობის ცვლილების კვალდაკვალ პირველი ნაბიჯი იქნება ბანკი “ქართუს“ ჩამორთმევა, ივანიშვილის ქონების დაყადაღება და რაც აქედან შემოვა, ამ ყველაფრის დარიგება საზოგადოებისთვის. მე ამას გპირდებით, რომ გავაკეთებთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. მას არ გამოუვა ჩვენი გაბრიყვება. ამ კაცმა რეალურად გაგვაბრიყვა, გაგვძარცვა, ახლა კი ჩვენ მომართული ვართ არა პროცენტების ასაღებად, არა სხვა ჯგუფებთან შესაჯიბრებლად, არამედ გამარჯვებისთვის“,- განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ და ამით ბიძინა ივანიშვილის მმართველობას წერტილს დაუსვამენ.
„როგორც იცით, შეიქმნა ძალიან მძლავრი, ფართო გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ და მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ბრძოლა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ეს არის სრულიად სხვადასხვა ხალხის გაერთიანება და ძალიან მიხარია, რომ სრულიად განსხვავებულმა საზოგადო მოღვაწეებმა, სხვადასხვა პირებმა, პოლიტიკოსებმა და არაპოლიტიკოსებმა იპოვეს თავის თავში ძალა, დამდგარიყვნენ წარსულში არსებულ განსხვავებებზე მაღლა, საკუთარი ქვეყნისთვის გადაედოთ გვერდზე უთანხმოებები და ერთ, მძლავრ მუშტად შეკრულიყვნენ ოლიგარქის დასამთავრებლად, შეძლეს გაერთიანებულიყვნენ ოლიგარქის მიერ საქართველოს ძარცვის დასასრულებლად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე და დავასრულებთ ივანიშვილის თარეშს საქართველოში, დავასრულებთ ქართული ბუნების განადგურებას, მოვაშთობთ მის ხელს ჩვენი ჯიბეებიდან, რადგან მას აქვს ღრმად ჩაყოფილი ხელი თითოეული ქართველის ოჯახში და ძარცვავს საქართველოს უმოწყალოდ. ივანიშვილი ახლა ცდილობს თავისი თავის გადარჩენას, როგორც ხვლიკს შეიძლება კუდი მოძვრეს ორჯერ და გაეზარდოს, ასევე მან შეცვალა მთავრობა და ხელახლა ახალ მთავრობას ამტკიცებს. ხვლიკს კუდის შეცვლა მხოლოდ ორჯერ შეუძლია, ივანიშვილმა კი ორჯერ უკვე გამოცვალა მთავრობა და მესამედ აღარ გამოუვა“,- განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ივანიშვილი ყველას ჩააგონებს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან არჩევნები მაინც გაყალბდება. ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ წარსული გამონათქვამები დაივიწყონ და გაერთიანდნენ, რადგან ახლა მთავარი ივანიშვილის დამარცხებაა.
„შეიძლება ჩვენ არ მოგვწონდეს ერთმანეთის პოზიციები, გამონათქვამები წარსულში, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ გვინდა მომავალი. გვინდა, რომ ქართველი ხალხის ძარცვა დასრულდეს. გამოსავალი არის ის, რომ ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და ვაშაძემ გაიმარჯვოს. ივანიშვილის “ქართუ“ ბანკი უნდა დამარცხდეს და საქართველოს ოჯახებისთვის ახალი ეკონომიკური საშუალებები უნდა გაჩნდეს. საქართველო დაბრუნდება ლიდერ ქვეყნებს შორის და იქნება ძალიან წარმატებული. თითოეული ქართული ოჯახი შვებით ამოისუნთქავს. ჩვენ ეს გამოგვივა, ჩვენი ბრძოლა დაიწყო და ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით ოქტომბერში“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.