დანიამ საქართველო სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა

 
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა. „12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარადგინეს 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP). შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში გიგი გიგიაძე. დანიის 2017-2021 წლების სამეზობლო პროგრამა (DANEP) მოიცავს ორი ქვეყნის ახალ ფაზაზე გადასვლის ასპექტებსა და საქართველოსა და უკრაინაში ახალი ხუთწლიანი პროგრამის იმპლემენტაციის ელემენტებს. DANEP-ის ორი მთავარი მიზანია 1. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა; 2. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსენის სიტყვით გაიხსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა ახალი პროგრამა და მისი შესაბამისობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). საქართველოზე საუბრისას, ანდერს სამუელსენმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და მათ სამაგალითო ხასიათს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა საქართველოში „ევროპის ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთევან ვაშაკიძე. 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP) მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.