დავით ბერძენიშვილი: მოველით, რომ კვირიკაშვილის პირობებში მედიის სტანდარტი გაიზრდება

 
„ჩვენ დავამკვიდრეთ სიტყვის თავისუფლება. თავისუფალი, კრიტიკული, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, გნებავთ, მიკერძოებული წამყვანი მედიასაშუალებების საქმიანობის სტანდარტი კიდევ უფრო მაღალი იქნება ახალი პრემიერის პირობებში. „რესპუბლიკელებს" გვაქვს ასეთი მოლოდინი" - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის შემადგენობა თითქმის არ შეცვლილა, თუმცა აქ „თითქმის" არსებითია. მისი თქმით, არსებითად შეიცვალა ამოცანები და ახალ გამოწვევებს განახლებული მიდგომები სჭირდება. „ნდობას ვუცხადებთ ახალ პრემიერს და მის მთავრობას. შესაბამისად, ვიღებთ პასუხისმგებლობას მთავრობის პროგრამასა და მის შემადგენლობაზე, ვხდებით თანაზიარი მისი წარმატებებისა თუ წარუმატებლობებისა. პრემიერს ნდობას ვიცხადებთ იმაშიც, რომ მისი შემადგენლობისამებრ გადაახალისოს მთავრობა, თუ ამის საჭიროება დაინახა. დარწმუნებული ვართ, რომ „რესპუბლიკელებთან" მას პრობლემები არ შეექმნება"