დეპუტატმა, რომელიც აცხადებდა, რომ „საშუალება" არ ჰქონდა, ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა

 
„ქართული ოცნების" დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა.  დეპუტატი წინა თვეში აცხადებდა, რომ საშუალება არ ჰქონდა, ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია დაეფინანსებინა. „მე მისი [სალომე ზურაბიშვილის] საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, - განაცხადა მან რადიო „მოზაიკასთან“ საუბრისას. ასევე, იოსებ მაკრახიძემ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას" 25 000 ლარი შესწირა, ხოლო 2016 წელს „ქართულ ოცნებას" - 50 000 ლარი.  ჩაჩავას კლინიკის ექიმი, მეან-გინეკოლოგი, ნიკოლოზ კინტრაია Facebook-ზე წერს, რომ ის „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი არ არის და მას არ აძლევს ხმას.  ჩაჩავას კლინიკის მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელმა, ნიკოლოზ კინტრაიამ ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იმ ექიმების მიერ განხორციელებულ შეწირულობის საკითხის შესწავლა დაიწყო.