დღეიდან ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ

 
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დღეიდან მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ.  „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები მუშაობას 3 აპრილიდან შეუდგნენ, თუმცა ორი კვირის განმავლობაში ისინი საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ და მოქალაქეებს აფრთხილებდნენ საჯარიმო სანქციების შესახებ.  ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად: 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით;  2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი; ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას); ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარი; ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარი; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარი, იურიდიული პირი -1000 ლარი.