დღესდღეობით სკოლებში 35 346 პრაქტიკოსი პედაგოგია დასაქმებული, მათ შორის 12 111 პენსიონერია

 
საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგს, რომელსაც პროფესიული წინსწვლა არ სურს სამინისტრო სისტემიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდოს სთავაზობს, რაც ორი წლის სახელფასო ბიუჯეტს გულისხმობს. „ლიბერალი“ დაინტერესდა დღეს ზოგადსაგანამანთლებლო სკოლებში რამდენი პედაგოგია პრაქტიკოსის სტატუსის მქონე და აქედან რამდენია საპენსიო ასაკის. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, დღესდღეობით, სკოლებში დასაქმებულ პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა შადგენს 35 346.  მათ შორის 12 111 ასაკით პენსიონერია. აქედან 10 147 ქალია, 1964 კაცი. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერი პედაგოგი ისარგებლებს სამინისტროს შეთავაზებით,- აიღებს ჯილდოს და შეწყვეტს პროფესიულ საქმიანობას. ასევე ჯერჯერობით უცნობია იმ პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგთა რაოდენობაც, რომლებიც სტატუსის ამაღლების მიზნით გამოცდაზე დარეგისტრირდნენ. აქვე გასათვალისწინებელია დაახლოებით 8 000 პედაგოგი, რომლებიც ზაფხულში უფროსი პედაგოგის სტატუსს მიიღებს.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისთვის 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. მათ შორის 20 ათასამდე აპლიკანტი პრაქტიკოსი, მოქმედი მასწავლებელია, 5 ათასამდე კი - მასწავლებლობის მსურველი. ცენტრისთვის ცნობილი არ არის აღნიშნული სტატისტიკა ასაკობრივ ჭრილში, თუ რამდენი პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი დარეგისტრირდა გამოცდაზე. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ახალი შეთავაზება აქვს. იმ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ, გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ კომპეტენცია ან ორჯერ მცდელობის მიუხედავად, ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა. პედაგოგებს ამ შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სამინისტროს შეთავაზება პენსიონერ მასწავლებლებს - შეფასება სამინისტროში აცხადებენ, რომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება: როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკის პედაგოგი ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას, მაგრამ სკოლის დატოვების სურვილი არ ექნება, სკოლას შეუძლია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუკი პედაგოგი სკოლისთვის მნიშვნელოვანია, შეუძლია, ხელშეკრულება გაუგრძელოს.