დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ტერესა მეის Brexit-ის გეგმას მხარი არ დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შესახებ პრემიერ-მინისტრ ტერესა მეის გეგმას მხარი არ დაუჭირა. 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ მეის გეგმა ჩავარდა, ახლა კი შესაძლოა მთავრობისთვის გამოცხადებული ნდობის საკითხს გადახედონ.
ნდობის საკითხზე კენჭისყრა დღეს გაიმართება. ტერესა მეის თქმით, იგი მომავალ კვირას ალტერნატიული გეგმით დაბრუნდება, თუკი პარლამენტის ნდობას შეინარჩუნებს.
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ Brexit-ის გეგმის ჩავარდნის შემდეგ არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.
საპარლამენტო აქტით, არჩევნები დიდ ბრიტანეთში ყოველ ხუთ წელიწადში იმართება. შემდგომი არჩევნები 2022 წელს უნდა გაიმართოს. თუმცა, ნდობის საკითხის გადახედვის მექანიზმი პარლამენტის წევრების საშუალებას აძლევს, მთავრობის ნდობას კენჭი უყარონ. თუკი ნდობის შეჩერებას დეპუტატების უმრავლესობა დაუჭერს მხარს, 14-დღიანი უკუთვლა დაიწყება, რომლის განმავლობაშიც მოქმედმა ან ალტერნატიულმა მთავრობამ ნდობა უნდა მოიპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანაში არჩევნები დაინიშნება.