დიდი დაპატიჟება

 
რეცენზია ლევან ბერძენიშვილის წიგნზე “წიგნიერების ევოლუცია” რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? ამგვარ შეკითხვას ლოგიკაში “რთული შეკითხვის” მახე ჰქვია, ანუ როდესაც კითხვაში უკვე შეფარული ინფორმაციაა, რომელიც ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში შენს აპრიორულ თანხმობას გულისხმობს. აქ კი ეს ინფორმაცია გულისხმობს აპრიორულ თანხმობას, რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ, მხოლოდ ისაა გასაგები, თუ რა მიზეზით. ასეთი დიდია მხატვრული ლიტერატურის, გამონაგონისა და “სიცრუის სიბრძნის” მნიშვნელობა და ლევან ბერძენიშვილის ოცდაერთივე ბლოგი ამას ძალიან მჭევრმეტყველურად, ბრძნულად და თავშესაქცევად, აქა-იქ მახვილი იუმორით, გვიცხადებს. მთელი წიგნი არის არა ლოზუნგურად, არამედ მშვიდი და დამაჯერებელი საბუთებისა და მაგალითების მოხმობით შეგონება: “იკითხეთ დიდი ლიტერატურა”, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ერთი წიგნების კომპანია მოგვიწოდებს: “წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!”. კი, უკეთესადაც იქნები და წიგნების კითხვა ბევრ ცხოვრებისეულ კრიზისსა და პერიპეტიებში გამოგადგება სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში, მაგრამ ამავე დროს წიგნების კითხვა ჩვენ გვეხმარება არა მხოლოდ ვიყოთ “უკეთესად”, არამედ უკეთესებიც გავხდეთ: უფრო ტოლერანტულები და ნაკლებკატეგორიულები, უფრო გამგებები და მომსმენები, უფრო გაკვირვებულები და მძებნელები და, ზოგადად, უფრო ჰუმანურები და ადამიანურები.