„დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“ - 1 აპრილს შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა
„დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!“ - 1 აპრილს, 19 საათზე მთავრობის კანცელარიის წინ შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა.
აქცია მას შემდეგ დაიგეგა, რაც დღეს ჭავჭავაძის ქუჩაზე, მშენებარე ობიექტთან მიწის ქვეშ ორი მუშა მოჰყვა. მათგან ერთის, 25 წლის ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს მაშველებმა. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან მთავრობის ეკონომიკური ექსპერიმენტების გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან განვითარების ასეთი მოდელის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან ბიზნესის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან უმოქმედო შრომის კოდექსის გამო?
კიდევ რამდენი ადამიანი უნდა მოკლან თავისუფალი ბაზრის გამო?
დღეს, 31 მარტია, კვირა დღე და თბილისში ბიზნესის ინტერესებს კიდევ ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რისთვის შრომობენ ადამიანები? რომ ერთ დღეს სამსახურში მიწამ ჩაიტანოთ და სიცოცხლე ასე დაასრულონ?
ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!
ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!
გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!
სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს!“ ,-წერია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.