ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაათავისუფლეს
გადაცემა „პირველი სტუდიის" ყოფილი წამყვანი ეკა მიშველაძე, რომელიც დღეემდე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლად მიიჩნეოდა, გაათავისუფლეს.
არხის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიერ ხელმოწერილ ცნობას ჟურნალისტი Facebook-ზე აქვეყნებს.
წერილის თანახმად, მიშველაძესა და არხს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა, რომ „პირველი სტუდიის" დახურვის შემდეგ ჟურნალისტს ახალი გადაცემის პროექტი უნდა წარედგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, არხზე მუშაობას ახალი ხელშეკრულებით გააგრძელებდა. აღმასრულებელმა საბჭომ პროექტი არ მოიწონა, რის საფუძველზეც, მიშველაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.
ეკა მიშველაძე მიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა და დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.
ესეც წერილი!
ეკა მიშველაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტოკშოუ „პირველი სტუდია“ მიჰყავდა. გადაცემა მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან დახურეს. ამის მოტივად კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა მიშველაძისა და „თავისუფალი დემოკარტების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ქორწინება დაასახელა.
„მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა", - განმარტა მაშინ ჯანიკაშვილმა.
მომხდარის შემდეგ, მიშველაძემ გააკეთა განცხადება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი ფორმატის გადაცემის გაკეთების შეთავაზე მიიღო. გადაცემის ეთერში გასვლა 2016 წლის იანვრიდან იგეგმებოდა.