ევროკავშირი: აფგან მუხთარლის საქმე დაუყოვნებლივ და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ
ევროკავშირის საგარეო სამსახურის ოფისი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქმის დაუყოვნებლივ გამოძების საჭროებაზე ამახვილებს ყურადღებას.
განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველების სავარაუდო გატაცება და პატიმრობაში უსაფუძვლოდ დატოვება, რასაც აზერბაიჯანში მათი დაკავება და სამართლებრივი დევნა მოსდევს, სიღრმისეულ და გამჭვირვალე დაუყოვნებლივ გამოძებას საჭიროებს.
როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, მათ დაიწყეს ასეთი გამოძიება, რასაც ჩვენ მივესალმებით.
აზერბიჯანის მიერ ნაკისრი საერთშრისო ვალდებულებები შესაბამისად, ქვეყანა ვალდებულია, განიხილოს ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე დაკავებულ პირთა საქმეები და გაათავისუფლოს ისინი.
მოველით, რომ სამართლებრივი პროცედურები სათანადოდ წარიმართება და სახელმწიფო პატივს სცემს მოქალაქეთა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, მათ შორის იმ პირებისა, რომლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ „არავინ უნდა გახდეს უსაფუძვლო დაპატიმრების, დაკავების ან დევნის მსხვერპლი".
ევროკავშირი ამ საქმეთა განვითარებას ახლოდან დააკვირდება".
აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
ადვოკატების თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და მას სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი.
საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს.
მუხთარლის სასამართლომ სამთვიანი წინასწარპი პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.