ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება, მხოლოდ ერთი კანდიდატი, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს ჩატარდება. ყრილობაში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა 29 სუბიექტმა.
15 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ამ დრომდე არ მიუმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოსთვის.
„საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი,რომელიც გუშინდელი დღის ჩათვლით, კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა“,- ნათქვამია განცხადებაში.