ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერები - C ჰეპატიტის პროგრამის I ფაზის შეფასება

 
„C ჰეპატიტის პროგრამაში ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებად კვლავ რჩება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ეს უკანასკნელი, ასევე იწვევს პაციენტისთვის ფინანსური ტვირთის ზრდას", - ამის შესახებ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ფაზის შეფასებას ითვალისწინებდა. ორგანიზაციის თქმით, პროგრამის წამოწყება მნიშვნელოვან პოზიტიურ მოვლენა იყო, პაციენტების და, ზოგადად, საზოგადოების კმაყოფილება ამ პროგრამის მიმართ უკვე საყოველთაოდ დეკლარირებულია, თუმცა მაინც რჩება გარკვეული პროგრამული ან სისტემური ხარვეზები, რომლებიც ამ კვლევის ფარგლებში იქნა იდენტიფიცირებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევაში მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც ან თავად ვერ ახერხებენ, ან პირადად იცნობენ C ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ პროგრამაში ჩართვაზე ან ფინანსური პრობლემების, ან მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების, ან ერთდროულად ორივე მიზეზის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ინფექციის ელიმინაციის ამბიციური მიზნის მიღწევას. გაცილებით რთული აღმოჩნდა ფინანსური ტვირთი რეგიონებში (დიაგნოსტიკური კვლევების ანაზღაურება). თავდაპირველ ნაკადში, ხშირი იყო C ჰეპატიტის ინფიცირებულთა მცდელობა, გაეკეთებინათ თბილისში ჩაწერა ახლობლების ბინაში, თბილისის მერიიდან თანადაფინანსების მიღების მიზნით. რეგიონის პაციენტებიც აღნიშნავდნენ, რომ ამჟამად რეგიონებში, ადგილობრივი მერიებიც/ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გამოყოფენ გარკვეული ტიპის თანადაფინანსებას. თუმცა, პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ დაფინანსების დამტკიცების პროცედურა შედარებით ხანგრძლივია (მერყეობდა 1-დან 2 თვემდე). „აღმოჩნდა, რომ თვითმმართველ ქალაქებში და რაიონულ დონეზე განსხვავებული ფინანსური ტვირთი ჰქონდათ პაციენტებს. მაგ., თელავის რაიონში გამოკითხულებმა აღნიშნეს, რომ თელავის მერია, შეზღუდული ბიუჯეტის გამო, პაციენტებს სთავაზობდა თანადაფინანსებას 100 ლარის ფარგლებში. ერთი პაციენტისთვის წლის განმავლობაში ერთჯერადი დახმარების გაცემა შეუძლია მერიას. რაც შეეხება რაიონის მუნიციპალიტეტს, ის 4-ჯერ მეტ თანხას უხდიდა პაციენტებს (400 ლარამდე წლის მანძილზე). სწორედ ამიტომ, თელავის მაცხოვრებლებს შორის ფინანსური ტვირთი ძალიან დიდია. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ხშირად ოჯახის წევრების, მეგობრების და ნათესავების დახმარებას ითხოვენ, რომ გადასახადების გადახდა შეძლონ. ამას ემატება ის ფაქტი, რომ კახეთის რეგიონში არ არსებობს C ჰეპატიტის მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულება და ისინი იძულებულები ხდებიან თბილისში იმკურნალონ. საწყის ეტაპზე თბილისში დაახლოებით 5 ჯერ მაინც უწევთ ჩასვლა, სანამ პროგრამაში ჩართვისათვის საჭირო ყველა გამოკვლევას და საბუთებს მოაგროვებენ. მკურნალობის პროცესში კი თვეში სულ მცირე 2-ჯერ მგზავრობენ კახეთიდან თბილისში", - წერია კვლევაში. მსგავსი პრობლემების სიმწვავე აღიარა ასევე ოზურგეთის და ბათუმის რესპონდენტებმა. „რესპონდენტთა უდიდესმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მკურნალობის ბოლოსათვის, პაციენტის მიერ გადახდილი თანხა მიუხედავად თანადაფინანსებისა, ზოგჯერ 1000 ლარამდე აღწევს, ან შესაძლოა ამ თანხასაც აჭარბებდეს. აქედან გამომდინარე, მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ პროგრამას აქვს სერიოზული ფინანსური ბარიერები განსაკუთრებით მათი თემისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათი უმრავლესობა დასაქმებული არაა", - ვკითხულობთ კვევაში. „ზიანის შემცირების ქსელი" აღნიშნავს, რომ დაფინანსების მოდელები თვითმმართველობიდან არ არის ადეკვატური; თვითმმართველობიდან მიღებული თანადაფინანსება არ არის გამყარებული რამე ოფიციალური რეზოლუციით, და დაფინანსების გადაწყვეტილება განიხილება ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის გზით. „ეს მექანიზმი შესაძლებელია შეიცვალოს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად: იგი შესაძლოა შემცირდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების არასაკმარისი დაფინანსების პირობებში, ან საერთოდ შეწყდეს თანადაფინანსების პრაქტიკა. გარდა ამისა, თანადაფინანსების სქემები განსხვავებულია და თანხის მოცულობა სტანდარტიზებული არაა, რაც ხელს უშლის პაციენტს, წინასწარ ზუსტად დაგეგმოს მისი ფინანსური მონაწილეობის ტვირთი მკურნალობის მთელი კურსის მანძილზე", - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ასევე ეთმობა ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებლებს (ნიმ) და იმ სოციალურ-სტრუქტურულ ბარიერებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან. „პაციენტთა ამ ჯგუფში ხშირია სტიგმა, იდენტიფიკაციის შიში, კამერის მეთვალყურეობის ქვეშ მედიკამენტის მიღების წესის მიმართ უნდობლობა (მათი კრიმინალიზებული სტატუსიდან გამომდინარე)“, - ნათქვამია ანგარიშში. კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ სტიგმის დაძლევა მნიშვნელოვანი წინაპირობაა პროგრამის განხორციელებისთვის. მათივე თქმით, ნიმ-ების პროგრამაში სრულფასოვანი ჩართვისთვის აუცილებელია, გადაიხედოს მომხმარებლების კრიმინალიზებული სტატუსი და მკურნალობის პროგრამების პილოტირება მოხდეს ზიანის შემცირების (როგორც ჩანაცვლებითი თერაპიის, ისე ნემსებისა და შპრიცების) პროგრამებში. „მკურნალობის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობისთვის მნიშვნელოვანია ნიმ-ების პროგრამაში ჩართულობის ხელშეწყობა. ნიმ-ების მკურნალობის პროგრამებში ჩართვა მათ შორის ზიანის შემცირების პროგრამების ბაზაზე მნიშვნელოვანია, როგორც პროგრამაში პაციენტების მოზიდვის კუთხით, ასევე ელიმინაციის ნიშნულების მისაღწევადაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სამართლებრივი გარემოს ცვლილება, რადგან აღარ ხდებოდეს პაციენტთა ამ ჯგუფის კრიმინალიზაცია. სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის გადახედვის რეკომენდაცია TAG-ის მე-2 შეხვედრაზეც გაკეთდა“, - ნათქვამია კვლევაში. ქსელი ყურადღებას ამახვილებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული პაციენტების პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ მათთვის დამატებითი ბარიერები იქმნება კლინიკაში ყოველდღიური ვიზიტის აუცილებლობის გამო. „არსებული გვერდითი მოვლენების გამო, პაციენტებს უჭირთ მეთადონის პროგრამაში ვიზიტები და მკურნალობის პერიოდში მედიკამენტის გარკვეული მარაგის ბინაზე გატანის რეკომენდაციას აჟღერებენ", - წერია ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გვერდითი მოვლენები ზღუდავს მათ უნარს, მივიდნენ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ყოველდღიურად: ყველაზე მწვავე საკითხად იყო წამოჭრილი გვერდითი მოვლენების მართვა მეთადონის პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის. ბევრი აღნიშნავდა, რომ ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში გვერდითი მოვლენები უფრო დიდი სიმწვავით ხასიათდებოდა. რ „ასეთი დისკომფორტის, და ზოგჯერ მძიმე ფიზიკური მდგომარეობის ფონზე, მეთადონის პროგრამის პაციენტს არა აქვს საშუალება, დარჩეს ბინაზე და ის იძულებულია, წავიდეს მეთადონის პროგრამაში მედიკამენტის მისაღებად. ეს ზოგჯერ გაუსაძლისი და პრობლემური ხდება. ასეთი გამოცდილების მქონე რესპონდენტების  უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათთვის სერიოზული ხელშეწყობა იქნებოდა, თუ C ჰეპატიტის მკურნალობაში და მეთადონის პროგრამაში ერთდროულად ჩართულ პაციენტებს მისცემენ უფლებას, მეთადონის რამდენიმე დღიანი დოზა გაიტანონ ბინაზე. თუ ასეთი შეღავათი იქნება დამტკიცებული, პაციენტებს მძიმე გვერდითი მოვლენების დროს, შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ მეთადონი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროგრამებით კმაყოფილებას", - ვკითხულობთ კვლევაში. მათივე თქმით, პროგრამის ნაკლოვანებად იქნა დასახელებული ექიმების გადატვირთული გრაფიკი, რომელიც ზღუდავს მათ უნარს, უფრო გულისხმიერად მოექცნენ პაციენტებს. თუმცა ეს არ არის სისტემური პრობლემა, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ექიმების მხრიდან გამოხატულია არასასურველი დამოკიდებულება და დამამცირებელი  დამოკიდებულება პაციენტების მიმართ. რესპონდენტები ეჭვობენ, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუარესდება, თუ არ მოხდება მკურნალობის პროგრამაში ჩართული კლინიკების ქსელის გეოგრაფიული გაფართოება და პაციენტების ნაკადის გაზრდის შემთხვევაში თუ არ მოხდება როგორც კლინკების, ასევე ექიმების რიცხოვნების ადეკვატური ზრდა. რეკომენდაციები: