ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / რეცენზია
წიგნის სათაური: ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / მოგონებების მაგიერ / ეძღვნება კოტე ზალდასტანიშვილის 60 წლის იუბილეს
გამომცემელი: ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
სარედაქციო კოლეგია: არჩილ გეგეშიძე, მაია ფანჯიკიძე, მარიამ ზალდასტანიშვილი
მთარგმნელი: ნოე კანკია
რედაქტორები: რუსუდან მარგიშვილი, შან ბეისი
დიზაინერი: მარიამ ზალდასტანიშვილი
სპონსორები: პროექტი განხორციელდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერით
წიგნის ელექტრონული ვერსიის წაკითხვა შესაძლებელია ლევან მიქელაძის ფონდის ვებ-გვერდზე: http://mikeladzefoundation.org/uploads/files/2020-12/1609153905_k.z.-book.pdf
„მთელი სიცოცხლე ექსპერიმენტია (All live is an experiment)“
რალფ უალდო ემერსონი
არის წიგნები, მკითხველის ყურადღებას პირველივე გვერდიდან რომ იპყრობს. ასეთია „ფიქრები შეცვლილ სამყაროზე“, რომელიც კოტე ზალდასტანშვლის 60 წლის იუბილეს ეძღვნება. შეიძლებოდა დამეწერა: „გამოჩენილი ქართველი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის იუბილეს“, მაგრამ კოტეს სახელი დამატებით ეპითეტებს არ საჭიროებს.
კრებული Liber Amicorum (ლათ: მეგობრების წიგნი) სტილშია შესრულებული და ტრადიციული მოგონებების და პიროვნების შესახებ ჩანახატების ნაცვლად, მკითხველს თანამედროვე ქართული და გლობალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე სთავაზობს მსჯელობას.
სად ვდგავართ დღეს? როგორ ვითარდება მოვლენები ჩვენთან, ჩვენს ირგვლივ და ამ ორომტრიალში, რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ? დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, მუდმივად გვიწევს ცვლილებათა ქარტეხილებში სიარული. მხოლოდ მაშინ ვიმარჯვებთ, როდესაც კარგად აწონილ, წინდახედულ და დროულ ნაბიჯებს ვდგამთ, შეცდომა კი ძალზედ ძვირი გვიჯდება. სწორედ ამიტომ, შეფასება და კრიტიკული ანალიზი პოლიტიკის დაგეგმვის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
წარმოდგენილი ესსეები სწორედ ასეთი განსჯაა, ხმამაღალი ფიქრი აწმყოსა და მომავალზე, დისკუსია, რომელიც ჰაერივით სჭირდება დღევანდელ საზოგადოებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავტორთა შესანიშნავი გუნდი, რომელიც მაღალი და უმაღლესი კვალიფიკაცის პროფესიონალებისგან შედგება. აქ არიან კოტე ზალდასტანიშვილის მეგობრები და კოლეგები, ის პიროვნებები, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ როგორც ქართული პოლიტიკაში, ასევე თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში. ავტორთა აკადემიური კვალიფიკაციისა და პროფესიული პრაქტიკის იშვიათი სიმბიოზი განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს წარმოდგენილ კრებულს. აქ თითოეული მოსაზრება გამოცდილებითაა გაჯერებული, დასკვნები კი უნიკალურ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ეფუძნება. ამავდროულად, მსჯელობა ფართო მკითხველისათვის გასაგები ენით და თხრობის საინტერესო სტილითაა გადმოცემული. ამიტომაც, ავტორთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, კრებული ერთიანი ნაწარმოების შთაბეჭდილებას ქმნის. ერთი შეხედვით განსხვავებული თემები, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და თანამედროვე, დინამიური სამყაროს მრავალფეროვან და მრავალგანზომილებიან სურათს გვთავაზობს.
წიგნის იდეის ავტორთა ასეთი ჩანაფიქრი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ მოწონებას. ქართველი მკითხველი არ არის განებივრებული მსგავსი პუბლიკაციებით. არადა, როგორც ქალბატონი მაია ფანჯიკიძე შესავალშივე აღნიშნავს: „ჩვენთანაც დადგა დრო, დავინახოთ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების ხარვეზები, კრიტიკულად გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს და ვიპოვოთ იმ პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებმაც განსაკუთრებით იჩინა თავი კრიზისისას.“ საკითხისადმი ასეთი მიდგომა მოითხოვს კვალიფიკაციასაც, თვითკრიტიკულობასაც და სიახლის ძიების სურვილსაც. ეს შეხამება კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს კრებულს და თვისობრივ ჰარმონიაშია თავად კოტე ზალდასტანიშვილის ხასიათთან, ვისი მთელი მოღვაწეობაც სწორედ ნოვატორობა, თანამედროვე გამოწვევებთან ჭიდილი და უკეთესის ძიება იყო.
ასეთი შთამბეჭდავი ლიტერატურული პორტრეტის შემდგომ მკითხველი განსხვავებულ სივრცეში გადადის. აქ მას დღევანდელი „შეცვლილი სამყარო“ ელოდება, აღსავსე გამოწვევებითა და COVID-19-ის რეალობით. სამყარო, რომელიც ჩვენგან დაუკითხავად ტრანსფორმირდება და ახალ მოცემულობას გვთავაზობს, რომელიც როგორც რისკებს, ასევე შესაძლებლობებს მოიცავს.
კრებული ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება: საქართველოს ადგილი მსოფლიოში და მულტილატერალიზმი; რუსეთის ფაქტორი და ურთიერთობები სოხუმთან და ცხინვალთან; ეკონომიკა და კრიზისიდან გამოსავლის ძიება; სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სოციალური საკითხები. თითოეული თავი დამატებით რამდენიმე თემადაა ჩაშლილი. ავტორები არ ცდილობენ უპასუხონ ყველა კითხვას. მათ განსასჯელად გამოაქვთ აქტუალური საკითხები. ფაქტებით, მყარი არგუმენტებით, შეულამაზებლად აღწერენ პროცესს, პრობლემის არსს, გამოკვეთენ საკუთარ მოსაზრებასაც, მაგრამ შემდგომი განსჯისა და პასუხის ძიების შესაძლებლობას მკითხველსაც უტოვებენ.
კოტე ზალდასტანიშვილი - საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთი, 2015 წელი.
© საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე ვარ ევროპელი“ - ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოთქვა. რას ნიშნავს საქართველოს ევროპული იდენტობა, როგორ ხედავ ევროკავშირი საქართველოს და როგორია თავად ევროკავშირის ხედვა ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებს ამ შეფასებებზე COVID-19 პანდემია და რა უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ? ამ საკითხებზე მსჯელობს ქალბატონი ნატალი საბანაძე და სრულიად მართებულად აღნიშნავს: „საკმარისი არ არის თავს გრძნობდე ევროპელად, ასევე მნიშვნელოვანია სხვებიც ასეთად აღგიქვამდნენ“!
მულტილატერალიზმის განმტკიცებასა და პანდემიის დროს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე საუბრობს ბატონი გიორგი (გიგი) წერეთელი, რომელიც ხაზს უვამს რა პარლამენტარების განსაკუთრებული მისიას - ასახონ ადამიანების ხედვა მათ სამუშაოსა და კანონმდებლობაში, მიიჩნევს რომ ეს როლი და აქედან გამომდინარე შესაძლებლობები მსოფლიომ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს.
„კონფლიქტის საფასურზე“ და ტრანსფორმაციის პერსპექტივაზე საუბრობს ბატონი არჩილ გეგეშიძე და იმედს გამოთქვამს, რომ პანდემიამ „პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც, ხელი შეუწყო კონფლიქტური ურთიერთობების ტრანსფორმაციის პროცესის დაწყებას“.
ამ მსჯელობას აგრძელებს ბატონი დავით აფციაური, რომელიც საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობებს ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკის ჭრილში განიხილავს. აქ ნახავთ ფრიად საგულისხმო მოსაზრებებს თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე გლობალური ეკონომიკის ტენდენციების გათვალისწინებით.
„ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში ნებიმიერი ქვეყნისათვის უფრო და უფრო რთულდება საკუთარი ნების განხორციელება, რადგან ძალის რამდენიმე პოლუსი ერთდროულად თანამშრომლობს და კონკურენციას უწევს მას.“ - აღნიშნავს ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი. გლობალურმა პანდემიამ ის სამყაროს შექმნა, რომლისთვისაც არავინ იყო მზად. ვისაც „COVID-19-ით შეშლილი სამყაროს ცვალებადი და ჯერაც უცვლელი მოცემულობები“ გაინტერესებთ, ეს ესსე აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
თანამედროვე მსოფლიოში თვითკმარი სახელმწიფო აღარ არსებობს. თუკი ამ დასკვნამდე დიდი ქვეყნები მიდიან, მაშ რა ქნას საქართველომ, როგორ გაართვას თავი არამარტო პანდემიას, არამედ ციფრული სამყაროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების მზარდ გამოწვევებს? სწორ გადაწყვეტილებებს რთულ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბატონი ჰოუარდ ჩეისი მიიჩნევს, რომ „საქართელოს, როგორც ყოველთვის, ამ საგანგებო ვითარებაშიც საკუთარი იდენტობა, პარტნიორებთან მეგობრობა, საერთო ხედვა გადაარჩენს“.
COVID-19-მა არა მხოლოდ პანდემია, არამედ ინფოდემიაც გამოიწვია. როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და, იმავდროულად, არ შევლახოთ გამოხატვის თავისუფლება? მიღებულმა რეგულაციებმა არერთ ქვეყანაში შეასუსტა საინფორმაციო საშუალებებისა და ჟურნალისტების მუშაობა. ამ პრობლემაზე მსჯელობს ქალბატონი დუნია მიატოვიჩი, რომელიც მიიჩნევს, რომ „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრესის თავისუფლები დაცვა ანტონიმები არ არის“!
კოტე ზალდასტანიშვილი, დავით უსუფაშვილი, კარლ-ჰაინც კომფი - ვიზიტი ავსტრიის პარლამენტში.
ვენა, 2015 წელი.
© საქართველოს პარლამენტი
საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვასთან ერთად სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყურადღებას საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისადმი. უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტთა საჭირბოროტო საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ბატონი იოსებ ნანობაშვილი და უაღრესად საყურადღებო მოსაზრებებს გვთავაზობს ემიგრაციასთან ურთიერთობის სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწის თვალსაზრისით.
ამ სიტყვების წაკითხვისას შეუძლებელია კვლავაც კოტე ზალდასტანიშვილი არ წარმოიდგინო. მთელი მისი მოღვაწეობა უკეთესისა და მეტი სიკეთის შექმნის იდეით იყო განმსჭვალული. „შეცვლილი სამყარო“ აუცილებლად გახდება უკეთესი და მას სწორედ კოტესნაირი პიროვნებები შექმნიან.
დაბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო იდეის ავტორებს, სარედაქციო კოლეგიას და თითოეულ ავტორს ესოდენ საჭირო კრებულის შექმნისათვის. იმედი მაქვს, რომ ამ შესანიშნავ წამოწყებას გაგრძელებაც ექნება და მომავალში კვლავაც ვიხილავთ მსგავს პუბლიკაციებს ჩვენი საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე.
მკითხველს კი ვულოცავ: თქვენ წინ დიდი სიამოვნება გელით!