„ფორმულა“: „კომუნიკაციების კომისიის დადგენილ ხარვეზებს დროულად გამოვასწორებთ“
„განცხადებაში არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება; თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით არის წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას. გეგმაში მითითებულია მხოლოდ ის შემოსავალი, რომლის მიღების მოლოდინი კომპანიას მაუწყებლობის დაწყების შემდეგ აქვს.
ამას გარდა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების ხარჯები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმებზე მაუწყებლობის დაწყების თარიღები. ასევე, არ არის მითითებული რა სახსრებით გეგმავს კომპანია აღნიშნული ხარჯების დაფარვას. კომისიისთვის ასევე არ არის მოწოდებული მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს „სტერეო+“-თან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება; კიდევ ერთი ხარვეზი საწესდებო კაპიტალსა და მისი განაღდების ნაწილს ეხება. გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, ისევე, როგორც ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ“ - ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
როგორც „ლიბერალს“ შპს "ფორმულაში" განუცხადეს, შენიშვნები პროცედურული ხასიათისაა და ვარაუდობენ, რომ გასწორებულ დოკუმენტაციის წარდგენას ხუთ დღეში მოასწრებენ. კომპანიის იურისტის ეთო ქათამაძის განცხადებით, ამ დროისთვის გადაწყვეტილია, რომ არხი „ფორმულას“ სახელწოდებით იმაუწყებლებს. რაც შეეხება ეთერში გასვლის თარიღის დაზუსტებას და ფინანსურ კომპონენტს, ამ საკითხებზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და მოთხოვნილ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დროულად მიაწვდიან.
გავრცელებული ინფორმაციით შპს ,,ფორმულა’’ ტელეკომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპრაკებას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთანაც აწარმოებს.