ფოტო► ახალი ესტაკადის ესკიზი პუშკინის ქუჩაზე
„პუშკინის სკვერის მიმდებარედ ესტაკადის მშენებლობა გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისათვის“, - დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროექტის თანახმად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ, ესტაკადის მშენებლობა იგეგმება, რომლის მეშვეობითაც ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგება. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
მერიის ინფორმაციით, ესტაკადა ამოვარდნილი არ იქნება არსებული კონცეფციიდან, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. ამასთან, ესტაკადის დონე თითქმის არსებული გზის დონის შესაბამისი იქნება.
„პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კერძოდ მაჩაბელის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობის პროექტის გასახორციელებლად თბილისის მერიამ ორი ტენდერი ჩაატარა. ერთი - პუშკინის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით (ხიდის მშენებლობა) პროექტირებაზე, რომელშიც მონაწილეობა შპს "საქგზამეცნიერება"-მ მიიღო და გაიმარჯვა 139.999.92 ლარით, ხოლო მეორე ტენდერი, უშუალოდ, სამუშაოების შესრულებას შეეხებოდა, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასი შპს ‘’სევერო ზაპადმა’’ წარმოადგინა, თუმცა სამუშაო გამოცდილების დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, აღნიშნულმა კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო. გამომდინარე აქედან, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა 3 950 000 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება მომდევნო დაბალი ფასის შეთავაზების მქონე კომპანია CRP-სთან 11 დეკემბერს გააფორმა. სამუშაოების შესრულების ვადად 210 დღე განისაზღვრა.