გაბაშვილი: ღარიბაშვილის წასვლაც და კვირიკაშვილის დანიშვნაც ივანიშვილის გადაწყვეტილებაა
„ერთი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ დეპუტატ გიორგი გაბაშვილის თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით წავიდა და ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნაც ბიძინა ივანიშვილის ნებაა.
„ღარიბაშვილი ნამდვილად არ შეესაბამებოდა თანამდებობას და საჯარო მოხელის მინიმალურ სტანდარტსაც კი. გიორგი კვირიკაშვილმა გვითხრა, ბოლო-ბოლო სიმართლე ვილაპარაკოთო. სრული სიმართლე ისაა, რომ ღარიბაშვილს არსად წასვლა არ გადაუწყვეტია. ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილებებს მცირე დეტალებშიც კი ივანიშვილი იღებს, რომელიც ამ ქვეყნის რეალური მმართველია. კვირიკაშვილმა კარგად იცის, რომ ის ახლა ივანიშვილის დანიშნულია. არამგონია არ იცოდეს, რომ არაფორმალური მმართველობა ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. კვირიკაშვილმა იცის რომ ეს სიამართლეა" - თქვა გაბაშვილმა.
დეპუტატის თქმით, უმრავლესობა კვირიკაშვილს მხარს ბიძინა ივანიშვილის სურვილით დაუჭერს.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები სიტყვით გამოდიან და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პოზიციებს აფიქსირებენ.