გადაცემა „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW-ს“ მხარდასაჭერად საზმაუსთან აქცია გაიმართება

 
16 ივნისს, 13:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან იგეგმება გადაცემა „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW-ს“ მხარდასაჭერი აქცია - „საზმაუ ჩვენია!“ . აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული ჟურნალისტი, ლაშა მესხია.  „საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ დაიხურა. გადაცემების დახურვა და მაუწყებელში განსხვავებული აზრის დევნა დღეს არ დაწყებულა. ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში შიშმა და განუკითხაობამ დაისადგურა. საფრთხე შეექმნა 1200 ზე მეტ დასაქმებულს, თუმცა მაშინ სამოქალაქო პროტესტის გამო ნეგატიური პროცესების შეფერხება მოხერხდა, თუმცა როგორც გაიკრვა დროებით! ივლისის თვეში საფრთხე სხვა გადაცემებთან ერთად ელის მეორე არხს და იქ დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობას. ახლა გაჩუმების და მოცდის დრო არაა! საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის ტელევიზია და არა რომელიმე პოლიტიკური ელიტის, შესაბამისად იმ გადაცემების დახურვა, რომელიც პოლიტიკური თუ სხვა საკითხების მიმართულებით იყო მწვავე და შეიცავდა ანალიზს საფრთხეს უქმნის არა მარტო რომელიმე დასაქმებულს, არამედ მაუწყებლის იდეას. დიახ დღეს საფრთხის წინაშეა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც მკვეთრად ევროპული ინსტიტუტი.  ჩვენ, როგორც ამ ტელევიზიის პირდაპირი ინვესტორები ვალდებულები ვართ დავიცვათ ის!  საზმაუ ჩვენია და არავის არ აქვს უფლება ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს მის ირგვლივ! საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად აქცია გაიმართება პარასკევს 16 ივნისს ორგანიზაციის კიბეებთან. 13 საათზე ველოდებით მაუწყებლის მაყურებლებს, მათ ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყანაში ევროპული ძლიერი ინსტიტუტის არსებობა!“, - წერია განცხადებაში  13 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ივლისის შუა რიცხვებიდან მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების"ერთობლივი სატელევიზიო პროექტები „წითელი ზონა“ და სალომე ასათიანის „ინტერვიუ“ აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სალომე ასათიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ  „რადიო თავისუფლებას“ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წერილობით მიმართეს, მიზეზად კი არხის რეორგანიზაცია დაასახელეს.