გახარია: პოლიტიკოსებმა შეძლეს, პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე.
„რაც მთავარია პოლიციამ 225-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციად გარდაქმნას და შტურმს პარლამენტში და პოლიციელების წინააღმდეგ - უმკაცრესად იქნება დასჯილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკურმა ლიდერებმა მას შემდეგ, რაც მოახდინეს დაძაბულობის პროვოცირება, მოქალაქეები შეატოვა პოლიციელებს და ადგილი დატოვეს.
„ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ პროტესტს ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ. ათი საათის შემდეგ არცერთი მათგანი ადგილზე არ ყოფილა ისინი უბრალოდ გაიქცნენ იქიდან და ერთმანეთს შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ უსაფრთხოებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.