გამოფენა "დამფუძნებელი კრების წევრი ქალები:1919-1921"
„დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას
თანახმა ვარ კენჭი ვიყარო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრობაზე საქართველოს სოციალურ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის სიით.
ელისაბედ ბოლქვაძე“
1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიებში კანდიდატებად ოცამდე ქალი დარეგისტრირდა. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში კი ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი.
ელისაბედ ბოლქვაძესთან ერთად პირველი ქართველი ქალი პარლამენტარები იყვნენ ელეონორა ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა, მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა (ოლღა) სოლოღაშვილი. ხუთივე ქალი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი იყო.
გამოფენა, რომელიც დღეს გაიხსნა ”დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921” ქალთა ისტორიის თვეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში პირველ ქართველ პოლიტიკოს ქალებს ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილია დამფუძნებელი კრების წევრი ქალების ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტაცია და ფოტომასალა.
გამოფენა „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ და საქართველოს ეროვნული არქივის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია და პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში იმართება, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს _ USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში და გალში.
„საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ, სამწუხაროდ, ბევრნი არ ვართ მაგრამ ყველაფერი ჯერ წინაა. შეუძლებელია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი და ეფექტიანი ფუნქციონირება გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა შესაბამისი ჩართულობის გარეშე. საქართველში ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა გვმართებს, „- ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც გამოფენის გახსნას დაესწრო.
საქართველოს საკრებულოს შენობის მთავარ დარბაზში გამართულ გამოფენაზე, სადაც დამთვალიერებლებს მოეყარა თავი, ეროვნული არქივის, საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ დამფუძნებელი კრების წევრი ქალების შესახებ ისაუბრა.
1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც ხუთმა ქალმა გაიმარჯვა, საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა. დამფუძნებელი კრების დებულების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნდა ყველას, განურჩევლად სქესისა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელს სამი ქალი აწერს ელისაბედ ბოლქვაძე ანა სოლოღაშვილი, ელეონორა მახვილაძე.
დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ისევე როგორც დამფუძნებელი კრების სხვა წევრები ხუთივე ქალი მუდმივ დევნას განიცდიდა. ორი მათგანი ანა სოლოღაშვილი და ელისაბედ ბოლქვაზე 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. 1922 წლის 25 თებერვალს, ქვეყნის გასაბჭოების წლის თავზე ქრისტინე შარაშიძის ინიციატივით თბილისის მეათე პედაგოგიური ტექნიკუმი პროტესტის ნიშნად გაიფიცა.
„პირველი პოლიტიკოსი ქალების ბედი, რომლებიც თავიდანვე აქტიურად ჩაერთვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა. მინადორა ტოროშელიძის თითქმის მთელი ოჯახი შეეწირა რეპრესიებს, თვითონ მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ სამედიცინო განათლება ჰქონდა და ის სჭირდებოდათ შორეულ აღმოსავლეთში საავადმყოფოში სამუშაოდ. ამ ქალების ღვაწლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განუზომელია „-ამბობს ანტონ ვაჭარაძე.
გამოფენის ”დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921” გახსნაზე „ქალთა საინფორამციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა ელენე რუცესკაიამ ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალთა მოძრაობების მთავარი პრიორიტეტი 2015 წლიდან ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის ბრძოლაა.
„ჩვენ ვითხოვთ 50% -ს პროპორციულ სიებში, რაც ნიშნავს 35 ქალს პარლამენტში ანუ 23%-ს. ბევრი ოპონენტი გვყავს, მათი ერთ-ერთი არგუმენტია სად არიან ქალები რომლებიც შეიძლება ჩავსვათ სიებში და ჩავრთოთ პოლიტიკურ პროცესში. მე გეტყვით- აი აქ, ჩვენს გვერდით არიან ეს ქალები, მათგან ძალიან ბევრი შეიძლება წავიდეს პოლიტიკაში, „-ამბობს ელენე რუცესკაია.