განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ENQA-ს წევრი ხდება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი ხდება.
ცენტრის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. მათივე ცნობით, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.
ცენტრის ცნობით, ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:
საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში;
საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს;
უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან;
სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას;
ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).