განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კვიციანის ინიციატივას დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებაზე
დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში გამართულ სხდომაზე განიხილეს პარლამენტარ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 12 აგვისტოს დიდგორობის აღსანიშნავად უქმე დღედ გამოცხადებას ეხებოდა.
საპარლამენტო კომიტეტმა კვიციანის მიერ წარდგენილ, „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს დაუჭირა მხარი.
ინიციატორის განმარტებით, 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე განსაკუთრებულად უნდა დაფასდეს.
„დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეროვნული გამარჯვების დღე. დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების კუთხით“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
პარლამენტში ერთხელ უკვე განიხილეს პარლამენტარის, ნუკრი ქანთარიას მსგავსი შინაარსის ინიციატივა. როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, აპარატის იურისტის ოთარ ბეჟიტაშვილის განმარტებით, სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თუ ერთი და იმავე შინაარსის კანონპროქტი შემოდის, მიიღებენ მას, რომელსაც პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენით უფრო ადრე მიიღებენ, ხოლო შემდეგში ანალოგიური შინაარსის მქონე კანონპროექტი ჩავარდება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.