გენდერული სტერეოტიპები სასკოლო სახელმძღვანელოებში

 
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების ტექსტში, ილუსტრაციებში, ისტორიულ წყაროებსა და სასწავლო აქტივობებში, ქალები, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლებად არიან წარმოჩენილები. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით  ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებში,  ისტორიასა და სამოქალაქო განათლების რვა სახელმძღვანელო გენდერულ ჭრილში გაანალიზეს. კვლევის მიხედვით,  სახელმძღვანელოების   ტექსტში, ილუსტრაციებში, ისტორიულ წყაროებსა და სასწავლო აქტივობებში, ქალები, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლებად არიან წარმოჩენილები. კვლევის ავტორთა თქმით, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის, განათლების სფეროში გენდერული მიდგომების დანერგვა მნიშვნელოვანია. ქალი ისტორიის სახელმძღვანელოებში როგორ დასაწყისში აღვნიშნეთ, კვლევის ფარგლებში 8 ისტორიასა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს გენდერული ანალიზი ჩატარდა. მკვლევარება შეისწავლეს იძლევა თუ არა სახელმძღვანელოები გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ თეორიულ ცოდნას და არის თუ არა სახელმძღვანელოებში შესასწავლი საკითხები გენდერულ ჭრილში განხილული. ისტორიის სახელმძღვანელოებში, მამაკაცთა გამომსახველი ილუსტრაციები, ქალის გამომსახველ ილუსტრაციებთან შედარებით 10-ჯერ მეტია. ქალთა სქესი და მათი როლი სახელმძღვანელოებში მწირად არის წარმოდგენილი, გამოჩენილი ადამიანების დიდი უმრავლესობა მამაკაცია. სახელმძღვანელოებში მდედრობითი სქესის სულ 80-მდე ისტორიული პირია მოხსენიებული. კვლევის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოები ძირითადად კაცობრიობის პოლიტიკურ ( ბრძოლების, კონფლიქტები) ისტორიას გადმოცემენ, სახელმძღვანელოთა ავტორებმა, კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში, სადაც რეალური ფაქტები არსებობს, ქალების წარმოჩენის შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.  კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლის სურვილის შემთხევევაში, ქალთა როლისა და ადგილის მნიშვნელობის წარმოჩენა შესაძლებელია. მაგალითისთვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ქალი ფარაონები: ხატშეპსუტი და კლეოპატრა  მოხსენიებული არ არიან. ავტორების თქმით, სახელმძღვანელოებში ფაქტები მშრლად არ უნდა იყოს მოცემული და მათი გენდერულ ჭრილში განხილვა სხვადასხვა სასწავლო აქტივობების ჩართვით უნდა მოხდეს.  “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მე-8 კლასის სახელმძღვანელოში საუბარია ათა თურქის რეფორმებზე, რომელიც ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭებას, მრავალცოლიანობისა და ჩადრის ტარების აკრძალვას გულისხმობდა. ავტორების თქმით,  ამ  ქვეთავს თან უნდა მოსდევდეს სასწავლო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებში თურქი ქალების მდგომარეობას განხილვის საგნად აქცევდა. ქალი სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებში გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე” თემის ,,მინდა შევქმნა ოჯახის” ფარგლებში მოსწავლეებს სთავაზობს  შეავსონ ტესტი. ცალკე არის ტესტი გოგონებისათვის ,,იდეალური ცოლი”, ცალკე ბიჭებისათვის ,,იდეალური ქმარი”. ტესტის მიხედვით ,, იდეალური ცოლის” სურათი ასეთია: სიყვარულით უნდა სურდეს ოჯახის შექმნა, სურდეს ერთზე მეტი შვილის ყოლა, უნდა თვლიდეს რომ მისი პირველი სერიოზული გატაცება აუცილებლად ქორწინებით უნდა დამთავრდეს (სავარაუდოდ, აქ იგულისმება რომ არ უნდა ჰქონდეს სექსუალური ცხოვრების გამოცდილება), დასვენების დღეებშიც ოჯახის წევრებიდან ყველაზე ადრე უნდა იღვიძებდეს, სადილს გემრიელად და სწრაფად აკეთებდეს, კარგად უნდა იცნობდეს ხელოვნების რომელიმე დარგს, ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იცავდეს ჰიგიენის მოთხოვნებს, არ უნდა ეწეოდეს, არ უნდა სვამდეს და როცა აწყენინებენ, ხანდახან შეუძლია იტიროს ანუ ზომიერად ემოციური უნდა იყოს (იქვე აღნიშნულია, რომ თუ ასეთი იდეალური იქნება შესაძლებელია გარეგნულის მონაცემების მიუხედავად მამაკაცმა მიაქციოს ყურადღება” ტესტის მიხედვით ,,იდეალური ქმრის” სურათი ასეთია: სიყვარულით უნდა სურდეს ოჯახის შექმნა, სურდეს ერთზე მეტი შვილის ყოლა, არ არის აუცილებელი ქორწინებით დაამთავროს პირველი სერიოზული გატაცება(დასაშვებია ჰქონდეს სექსუალური ცხოვრების გამოცდილება, უნდა შეეძლოს ან აუცილებლად უნდოდეს შეისწავლოს ავეჯის ან ყოფითი ტექნიკის შეკეთება, შრომისათვის უნდა ქონდეს მიღებული მცირეოდენი გასამრჯელო, უნდა შეეძლოს ან აუცილებლად უნდოს შეისწავლოს ,,საფირმო” კერძის მომზადება, დასაშვებია ხანდახან ხელდაუბანელიც მიუჯდეს სუფრას, სასურველია არ ეწეოდეს, არ სვამდეს, დილაობით რეგულარულად უნდა ვარჯიშობდეს, უარყოფითი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ნარკოტიკების მიმართ, არ უნდა აძლევდეს მეგობრებს უფლებას, მისი თანდასწრებით უდიერად მოიხსენიონ გოგონა. „ეს ერთი შეხედვით სახალისო ტესტი გაჯერებულია მყარი გენდერული სტერეოტიპული შეხედულებებით მამაკაცისა და ქალის თვისებების, როლისა და მნიშვნელობის შესახებ. ,,სამოქალაქო განათლების” სახელმძღვანელოში მსგავსი სტერეოტიპული მიდგომისა და ღია დისკრიმინაციული აზრის არსებობა მიუღებელია.“- ვკითხულობთ კვლევაში. გამომცემლობა „სიდი“-ს სახელმძღვანელოებში მამაკაცი საოჯახო საქმიანობისას ნაკლებადაა წარმოჩენილი, მხოლოდ ერთი ილუსტრაციაა, სადაც მამაკაცი ჭურჭელს რეცხავს და ისიც იძულებით, ტრეფიკინგის მსხვერპლია. სახელმძღვანელოების ის ნაწილი, სადაც საუბარია ეფექტურ გადაწყვეტილებაზე, კრიტიკულ და ეკონომიკურ აზროვნებაზე, ბიზნესზე, პოლიტიკაზე, ძირითადად მამაკაცთა ილუსტრაციებითაა გაფორმებული. „მსგავსი დამოკიდებულება სტერეოტიპული შეხედულებების კვლავწარმოებას უწყობს ხელს“ -წერია კვლევაში. სახელმძღვანელოებში, რომლებშიც განხილულია დემოკრატია, თანასწორობა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები, საერთოდ არაა, ან უმნიშვნელოდაა გამახვილებული ყურადღება გენდერულ უთანასწორობაზე, ქალთა უფლებებზე და ოჯახურ ძალადობაზე. “ჩვენ სტანდარტის მიხედვით ვმუშაობთ, სტანდარტის არც ერთ მუხლში ეს თემა არ იყო შეტანილი, თუმცა, შეგვეძლო ამაზე გვეფიქრა. ეს სურათები დაემთხვა, ჩანაფიქრი არ ყოფილა, რომ მაინც და მიანც მამაკაცი ყოფილიყო წარმოჩენილი. ბოლოს და ბოლოს ავტორების უმრავლესობა ქალები ვართ. ყველა რჩევას და კრიტიკულ მოსაზრებას ვითვალისწინებთ, უბრალოდ ჩვენ რადგან სტანდარტი არ გვთხოვდა, არ გავამახვილეთ ყურადღება.” - ამბობს ნინო ტალახაძე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლის, ისტორიკოსის ნიკო სილაგაძის აზრით, გრიფირების წესი სახელმძღვანელოს ავტორებს გენდერული ბალანსის დაცვას არ ავალდებულებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სკოლა გენდერული სტერეოტიპებით სავსეა და ამ პრობლემას გამოსწორება სჭირდება. „სწავლობენ კარგად გოგოები, მაგრამ ითვლება, რომ ნიჭიერები არიან ბიჭები. ასეთი სტერეოტიპებით სკოლა გაჟღენთილია. ამას, რა თქმა უნდა, გამოსწორება ჭირდება, თუმცა როგორ? რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ სახელმძღვანელოებში მეტი მამაკაცია. მგონი, ამაზე პასუხი ლოგიკურია, იმიტომ, რომ ძველ ისტორიულ პერიოდებში, ძველ მსოფლიოშიც, შუა საუკუნეებშიც, ისტორიის მთავარი პერსონაჟები კაცები იყვნენ.  ფემინიზმი ძირითადად მე-20 საუკუნის მოვლენაა.  იქ სადაც შეიძლება ქალის ხსენება, რა თქმა უნდა, ნახსენებია, მაგრამ ამას ვერ გავექცევით, რა ისტორიაც არსებობს, იმას ვაწვდით სკოლის მოსწავლეებს. ვერ ავცდებით ამ პრობლემას. გენდერის პრობლემას ძველად არ ითვალისწინებდნენ.“ - ამბობს ნიკო სალაგაძე. მისივე თქმით,  სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებში ეს საკითხი გაცილებით უკეთ არის წარმოჩენილი. “მაინც მიმაჩნია, რომ  სკოლაში მთავარი მასწავლებელია და პირველ რიგში სწორედ პედაგოგი არ უნდა იყოს დახუნძლული გენდერული სტერეოტიპებით.” - ამბობს ნიკო სილაგაძე. საქართველო 1994 წელს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციას, 1995 წელს კი პეკინის სამოქმედო პლატფორმას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ეროვნული სამოქმედო გეგმა შეემუშავების ვალდებულება იკისრა. ეს გეგმა 1998-2000 წლებში შემუშავდა. 1999 წელს განათლების სამინისტროს გენდერული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების მიზნით სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი დაევალა. 2011 წლის 5 მაისი საქართველოს პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011−2013 წლების სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოსათვის დამხმარე მასალების შექმნას და გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ მასწავლებელთა გადამზადებას გულისხმობს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით კი სკოლის პედაგოგებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგები რეგულარულად უტარდებათ.