ღალატის და არჩევანის ისტორია - 4 წიგნი ჯაშუშების და ჯაშუშობის ხელოვნების შესახებ

 
დღეს, როდესაც მსოფლიოში უსაფრთხოება ნომერ პირველ გამოწვევად იქცა, ხოლო დაზვერვის სამსახურების გამართულ მუშაობაზე თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე პირდაპირაა დამოკიდებული, ყველაფერი რაც ამ ტიპის საქმიანობას უკავშირდება, გამორჩეულად საინტერესოა. ყველაზე კარგად ეს ტენდენცია (სულ ცოტა) ბოლო ათწლეულის კინოინდუსტრიაში აისახა - სადაზვერვო სამსახურებისა და ჯაშუშების შესახებ გადაღებული სერიალების სიმრავლეში. რთულად თუ იპოვი დღეს პლანეტაზე ადამიანს, ვისაც მსგავსი შინაარსის ერთი ფილმი მაინც არ უნახავს. სამაგიეროდ, შესაძლოა, ჩვენ გვერდით უამრავი ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ამ ჟანრში ლიტერატურის მიღწევებზე, თანაც მეორეხარისხოვან, გასართობ საკითხავს არ ვგულისხმობთ, ლაპარაკია, ნამდვილ პროზასა და ჟანრის შედევრებზე. სომერსეტ მოემი „ეშენდენი, ანუ ბრიტანელი ჯაშუში“ სომერსეტ მოემს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, მაგრამ ძირითადად, როგორც ავტორს რომანებისა „თეატრი“ და „მთვარე და ექვსპენსიანი“. ბევრს ახსოვს ალბათ მისი მოთხრობებიც. მაგრამ ეშენდონისადმი მიძღვნილ ციკლს („Ashenden: Or the British Agent“) ჩვენთან არასაკმარისად იცნობენ. არადა, ის არამხოლოდ ფუძემდებლური წიგნია ამ ჟანრისათვის, არამედ მართლაც შესანიშნავ პროზად მიიჩნევა. მთავარი გმირი ეშენდენი - საშუალო გაქანების ლიტერატორია, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს მთავრობა სთავაზობს საიდუმლო აგენტად მუშაობას შვეიცარიაში, რუსეთსა და სხვა ადგილებში. კრებულს საფუძვლად უდევს მოემის პირადი გამოცდილება, რომელიც თავად ემსახურებოდა საიდუმლოდ მის უდიდებულესობას. ეშენდენის თითოეული ისტორია დაკავშირებულია არა იმდენად მძაფრ მოქმედებებთან ან თავგადასავლებთან, რამდენადაც არჩევანთან, ერთგვარ ზნეობრივ დილემასთან, რომელსაც როგორც წესი აწყდებიან ის ადამიანები, ვისაც აღმოაჩნდება საკმარისი გამბედაობა და თავხედობაც კი იმისათვის, რომ სხვის სახელს ამოფერებულმა იცხოვროს, სხვისი სახელით ილაპარაკოს, ატყუოს ყველა, ვისაც კი იცნობს. მოკლედ, იცხოვროს ორმაგი და სამმაგი ცხოვრებით. კრებულში შესული რამდენიმე მოთხრობა, „მის კინგი“ ან „მელოტი მექსიკელი“ მსოფლიო პროზის საგანძურის ნაწილია, გარდა იმისა, რომ ჯაშუშურ ჟანრს სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი. ჯონ ლე კარე „სიცივიდან მოსული ჯაშუში“ წიგნი ჟანრს მიღმა საკითხავი ლიტერატურაა. ის XX საუკუნის დიდი ინგლისური პროზის განუყოფელი ნაწილი და თავისი დროის გამოჩენილი ნიმუშია. ჯონ ლე კარე „ცივი ომის“ ეპოქის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ყველაზე მთავარი და მიუკერძოებელი ჟამთააღმწერელია. ბენ მაკინტაირი: „ჯაშუში და მოღალატე“ და „ჯაშუში მეგობრებს შორის“ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ჯაშუშური ჟანრის „ოქროს ხანაც“ დასრულდა, და შეფასება, რომ „შპიონაჟი კარგი სიუჟეტის გარანტიაა, მაგრამ იშვიათად - ასატანი პროზის“, სიმართლეა. თუმცა ეს არ ეხება დოკუმენტურ პროზას და ამას ადასტურებს ინგლისელი ჟურნალისტის და ისტორიკოსის, ბენ მაკინტაირის წიგნებიც: „ჯაშუში და მოღალატე“ („The Spy and the Traitor“) და „ჯაშუში მეგობრებს შორის“ („A Spy Among Friends“). სხვათა შორის, არსებობს თავად კიმ ფილბის მიერ დაწერილი წიგნიც „My Silent War“, რომელიც ინტერნეტში ხელმისაწვდომია.