„ღია საზოგადოების" ფონდები: კანონპროექტი CEU-ში აკადემიური თავისუფლების ჩახშობას ემსახურება
„ღია საზოგადოების" ფონდები ბუდაპეშტის მთავრობის ინიციატივას ეხმაურებიან. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ უნგრეთის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ემსახურება აკადემიური თავისუფლების ჩახშობას კერძო უნივერსიტეტში, რომელიც შემოწირულობით დაფინანსების მიუხედავად, აკადემიური დამოუკიდებლობით გამოირჩევა.
„ნებისმიერი სამართლებრივი ზომა, რაც შეზღუდავს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მუშაობას ბუდაპეშტში, მოშლის უნგრეთის ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის სტრუქტურას და დააზიანებს უნგრეთის, როგორც ინოვაციების, აკადემიური წარმატებისა და სამეცნიერო კვლევების ცენტრის რეპუტაციას" - ნათქვამია ფონდების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განცხადებით, დღეს საქართველოში ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის 300-მდე კურსდამთავრებულია.
„როგორც მთავრობამ განაცხადა, ის ასევე გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღებას, რაც ნიშნავს რიგითი უნგრელების ხმის გაქრობას განათლების, ჯანდაცვის, ანტიკორუფციული მიმართულების ინიციატივებიდან. აკადემიურ თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა, პირველ რიგში, უნგრეთის რიგით მოქალაქეებს დააზარალებს. ჯორჯ სოროსმა ღია საზოგადოების ფონდი უნგრეთში 1984 წელს დააარსა, რითიც ხელი შეუწყო არა მარტო უნგრეთის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპის კომუნიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლას. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს შეიქმნა. ამჟამად, ღია საზოგადოების ფონდების ქსელი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტებს წარმოადგენენ და მათ მხოლოდ საერთო დამფუძნებელი და ღირებულებები აკავშირებთ" - ნათქვამია ფონდების განცხადებაში.
უნივერსიტეტის მხარდამჭერებმა პეტიცია შეიმუშავეს, რომელსაც 10 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
შესაძლოა, უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) დაიხუროს