ღვინო, გაზი და სტალინი
რადიო "თავისუფლება", სპეციალურად "ლიბერალისთვის"
სტალინის სიკვდილის 60 წლისთავს გერმანული გამოცემა Die Welt ფოტორეპორტაჟს უძღვნის, სათაურით „ იქ, სადაც სტალინს ძველებურად ღმერთივით ეთაყვანებიან.“ კორესპონდენტი ალან პოზენერი გორიდან იუწყება: „სტალინის მშობლიურ ქალაქში დიქტატორს კვლავაც პატივს სცემენ. ქართვლებისთვის ეს მეჩექმის შვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საბჭოთა იმპერიას მართავდა“. სტალინის სახლ-მუზეუმიდან ერთ-ერთ ფოტოს კი ასეთი წარწერა აქვს: „გორში, თითქოს არც არაფერი ყოფილა, იმ ადამიანის ნივთების ნახვას გთავზობენ, რომელმაც 20 მილიონი ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტა. განაჩენებს კი იგი ხშირად ამ მაგიდაზე აწერდა ხელს“.
იმავე გამოცემის კიდევ ერთ სტატიაში: „სტალინი ცოცხალია!“, ალან პოზენერი ცდილობს საქართველოში სტალინისადმი არსებული დამოკიდებულება ახნას:
„გამოდის, რომ ქართველები, რომელთა შორის მარტო სტალინი არ დაბადებულა, არამედ ლავრენტი ბერიასა და სერგო ორჯონიკიძის სახით სხვა ჯალათებიც იშვნენ, შემეცნებით დისონანსში ცხოვრობენ - ეთაყვანებიან სტალინს და ვერ იტანენ „საბჭოთა ოკუპაციას“.
Financial Times 2012 წლის ოქტომბერში კარნეგის ფონდის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე წერს, რომლის მიხედვითაც „საქართველოში რესპონდენტთა 45%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს დიქტატორისადმი, რუსეთში კი სტალინის რეპუტაცია ვლადიმერ პუტინის მმართველობის წლებში გაუმჯობესდა“. სტატიის ავტორ ჩარლზ კლოვერთან საუბარში „ლევადა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევ გუდკოვი ამას პოლიტიკური ლიბერალიზაციით გამოწევული იმედგაცრუებით ხსნის: „სტალინი - დემოკრატიული განვითარების მოჩვენებითი წარუმატებლობის სიმბოლოდ იქცა“. გუდკოვის აზრითვე, პუტინმა შეგნებულად გამოიყენა დიქტატორის სახე, რათა მის მცდელობას რუსეთში ძალაუფლების ვერტიკალი დამყარებულიყო, ხორცი შესხმოდა.
„რაში სჭირდება კრემლს სტალინისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება“,- ამ სათაურით Foreign Policy მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის მაშა ლიპმანის ვრცელ სტატიას აქვეყნებს. პოლიტოლოგის შეფასებით, სტალინის სიკვდილიდან 60 წლის შემდეგაც კი რუსეთის მოქალაქეები ჯერ კიდევ არ დამშვიდობებიან ბელადს. „რუსეთში არ არის კონსენსუსი კომუნისტური წარსულისადმი“. მაშა ლიპმანი პოსტ საბჭოთა ქვეყნებში სტალინისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ კარნეგის ფონდის კვლევის შედგებს აფასებს. „საქართველოში 45% დადებითად ეკიდება მას ალაბათ იმიტომ, რომ ყველაზე ცნობილი (სავალალოდ ცნობილი) ქართველი, ნაციონალისტების მძლავრ სიმბოლოდ რჩება“.
მაშა ლიპმანი აღნიშნავს, რომ სტალინის ძეგლების არ არსებობის მიუხედავად, რუსეთში მისი არსებობა პოლიტიკურ წყობაში იგრძნობა.
„გამოკითხულთა თითქმის 50% მიიჩნევს, რომ სტალინი ბრძენი ლიდერია, რომელმაც სსრკ-ს ძლევამოსილება და აყვავება მოუტანა. 50%- ზე ოდანვ მეტი კი სტალინის რეპრესიებს პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნევს, რომელსაც შეუძლებელია გამართლება მოუძებნო“.
ნამდვილი დესტალინიზაციისთვის, მაშა ლიპმანის აზრით, საჭიროა რუსულ ნაციონალურ იდენტობაზე შეხედულება გადაიხედოს. ამასთანავე უარი ითქვას „სახელმწიფოს ტრადიციულ კონცეფციასა და საიდუმლო პოლიციის ისტორიულ - პოლიტიკურ ხელშეუხებლობაზე“.