გია ვოლსკი: მე და ჩვენი გუნდის ბევრი წევრი შეთანხმების პერსპექტივას ვერ ხედავს
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯანი ბუკიკიო მიესალმა არასამთავრობო სექტორის მზადყოფნას, მოდერაცია გაუწიოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს, რომელიც ჩიხშია შესული.
ეკა გიგაურის განცხადებით, შეხვედრისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა საარჩევნო სისტემის რეფორმის 7 წლით გადადების საკითხზე და აღინიშნა, რომ დემოკრატული პროცესის გადავადება საქართველოსთვის კარგი არ იქნება.
არასამთავრობო სექტორის ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, უმრავლესობის ბევრი წევრი ვერ ხედავს შეთანხმების პერსპექტივას პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას და კრიზისის თავიდან აცილების გზას უკავშირდება.
მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები ისევ იქნება.
„კონსულტაციებს ყოველთვის უნდა ველოდოთ. ყოველთვის აქვს აზრი. ისე არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად პასუხების გაცემა. პირადად მე და ჩემი გუნდის ბევრი წევრი ვერ ვხედავთ შეთანხმების პერსპექტივას პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სტაბილურობას და კრიზისის თავიდან აცილების გზას. ზოგს მიაჩნია, რომ კრიზისის თავიდან აცილება შეიძლება პროპორციული სისტემით გამართული არჩევნებით. ზოგი მიიჩნევს, რომ მთავარია, პარლამენტს ჰქონდეს უნარი, შექმნას სტაბილური მთავრობა. აქედან გამომდინარე, კონცეპტუალური განსხვავებები არსებობს მიდგომებსა და ხედვას შორის," - განაცხადა გია ვოლსკიმ.