გიგაურის ადვოკატი: ყველა ინსტანციას გავივლით და საბოლოოდ მივალთ სტრასბურგამდე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის სარჩელი გურამ ადამაშვილსა და გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ეკა გიგაური ცილისწამებისთვის უჩიოდა ამ პირებს. გადაწყვეტილება მოსამართლემ, ქეთევან კუჭავამ გამოიტანა.
ეკა გიგაურის ადვოკატის, თეო ზაქარაშვილის თქმით, ისინი საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოსგან მოლოდინი ჰქონდათ, რომ არ დაკმაყოფილდებოდა მათი სარჩელი, რადგან ამ ბრალდებებს ეკა გიგაურის მიმართ იმეორებს ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი.
„როცა ამ ბრალდებებს ეკა გიგაურის წინააღმდეგ იმეორებს თვითონ ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკანი, ამ ფონზე ნამდვილად არ გვქონდა უკეთესის იმედი და პრაქტიკულად დღეს სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიკერძოებულია და კანონიდან გამომდინარე, არ იღებს გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება მოსამართლის ერთსიტყვიან გადაწყვეტილებას, მან თქვა რომ ეს ბატონი ხაინდრავასა და ადამაშვილის აზრია, რომ დააბრალონ ეკა გიგაურს დანაშაულის ჩადენა, თუმცა ყველა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ხაინდრავაც და ადამაშვილიც აზრად კი არა, ფაქტად ასახელებდა ამას, ყველა ინტერვიუში გავიდა საჯაროდ. ხაინდრავა ამბობდა, რომ ის დარწმუნებულია, დანაშაულთან გვაქვს საქმე, იგივე გაიმეორა წულუკიანმაც და ბიძინა ივანიშვილმაც“, - ამბობს ზაქარაშვილი.
მისი თქმით, ეს იყო მათი პოლიტიკის ნაწილი, რაც მიმართული იყო ეკა გიგაურის დისკრედიტაციისკენ. ზაქარაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ თქვა, რომ სწორია, რასაც აკეთებენ გიგაურის წინააღმდეგ.
„ეს იყო ერთი დიდი პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ეკა გიგაურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებები და დღეს სასამართლომ უბრალოდ გადაწყვეტილებით გააფორმა ეს. პრაქტიკულად გვითხრა, რომ სწორია, რასაც აკეთებს ამ დისკრედიტაციისთვის თავის მხრივ ივანიშვილი, წულუკიანი და ა.შ.“
ზაქარაშვილი ამბობს, რომ ისინი ყველა ინსტანციას გაივლიან სასამართლოში და თუ საჭირო გახდება, საბოლოოდ სტრასბურგში გაასაჩივრებენ.
„გავასაჩივრებთ აუცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლოში ვასაჩივრებთ, ყველა ინსტანციას გავივლით და საბოლოოდ მივალთ სტრასბურგამდე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იმედი გვაქვს, რომ დადგინდება ცილისწამება, რომელიც მიმართულია ეკა გიგაურის რეპუტაციისა და ღირსების ხელყოფის მიზნით“, - განაცხადა ზაქარაშვილმა „ლიბერალთან“.