გიორგი ბახტურიძე: თამბაქოს კონტროლი განცხადებების დონეზე რჩება

 
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი დეკლარაციების დონეს არ სცილდება და ამ მხრივ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი.  „თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა, პოპულარიზაცია 2011 წლიდან აბსოლუტურად უნდა აკრძალულიყო. სამ წელზე მეტია, ეს ვალდებულება არ სრულდება. თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო ასევე ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობა და ტრანსპორტი. ზოგიერთი დაწესებულებაში ეს ნორმა მხოლოდ კეთილი ნების შედეგად სრულდება, თუმცა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ასე არ ხდება“, - ამბობს გიორგი ბახტურიძე. ბახტურიძის თქმით, კონვენცია თამბაქოზე თავის დანებების  სერვისების შემუშავებას ითვალისწინებს, რაც, ჯერჯერობით, არ სრულდება. „საჭიროა შესაბამისი საგანმანათლებლო-საკომუნიკაციო მუშაობა, რაც ასევე არ არსებობს და ამ კუთხით, ჯერჯერობით, არც არანაირი რესურსია. ასევე,  არც ერთი თეთრი არ არის გამოყოფილი თამბაქოზე კონტროლის ღონისძიებებისთვის“, - ამბობს ბახტურიძე. მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს, თამბაქოს წარმოებასა და დისტრიბუციაზე ლიცენზია, მაშინ, როდესაც ეს პროდუქცია ადამიანის სიკვდილს იწვევს. გიორგი ბახტურიძის განცხადებით, საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი თამბაქოს მოხმარების მსხვერპლია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში წელიწადში 11 ათასი ადამიანი იღუპება და აქედან 3 ათასი პასიური მწეველია. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებად ბახტურიძე გადაწყვეტილების მიღების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობას ასახელებს. „თამბაქოს ინდუსტრია ამგვარ გადაწყვეტილებებში არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არ უნდა მონაწილეობდეს. ისინი ჩამოშორებულები უნდა იყვნენ საჯარო განხილვებს, ასევე პოლიტიკოსებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაციას და ა.შ. ამას ვერ მივაღწიეთ ვერც ერთ მთავრობაში, ვერც ერთი რეჟიმის დროს. დღესაც კი, ამ მთავრობის პირობებში, რომელმაც გასულ წელს დეკლარირება მოახდინა, რომ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა, ჯერჯერობით, კანონმდებლობაში ცვლილებები არ შეუტანიათ“, - ამბობს ბახტურიძე. მისი თქმით, თამბაქოს ინდუსტრიის გავლენა ამ მთავრობაშიც იგრძნობა. „განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკის სამინისტროს, სადაც მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი ლობირებს ამ საკითხს და მათი პოლიტიკური გუნდის ბიზნესინტერესებს იცავენ. ეს ხალხი კვლავ სერიოზულ პრობლემებს ქმნის ამ კუთხით“, - ამბობს ის. კონვენციით, ქვეყანას ვალდებულება აქვს, კომპენსაცია დააკისროს თამბაქოს ინდუსტრიას, რომელიც ასეთ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება საქართველოში 2006 წლის 14 თებერვალს მოხდა და ამავე წლის 15 მაისს შევიდა ძალაში. დღეს ჯანდაცვის კომიტეტში, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულებისთვის საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრაზე მსჯელობდნენ.