გიორგი გაფრინდაშვილი: გადაწყვეტილებას ორშაბათს მივიღებ
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის განცხადება, პატივს ვცემ მთავრობის მეთაურის აზრს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ სამართლებრივი რეგულაციების დაცვით განხორციელდა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას. აქედან გამომდინარე, ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და აქედან გამომიდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას",- ამის შესახებ "იმედის" ეთერში თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა.
მან ტელეფონი გათიშა და ჟურნალისტების სხვა შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საპროტესტო აქციები 7 მარტს დაიწყო. 7 მარტს სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობისთვის ბაკურიანში ტრენინგების გასამართად თანხის გამოყოფას აპროტესტებდნენ. სტუდენტთა პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები იყო. კერძოდ, ისინი უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად აკადემიური საბჭოს მიერ გიორგი გაფრინდაშვილის დასახლებას აპროტესტებდნენ.
გაფრინდაშვილის კანდიდატურა სენატს აკადემიურმა საბჭომ წარუდგინა. საგულისხმოა, რომ 7 მარტს სტუდენტები აკადემიური საბჭოს 8 წევრს შეხვდნენ და გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა სთხოვეს.
კანცლერის არჩევნები თსუ-ში 10 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა სტუდენტთა პროტესტის გამო ის ჩაიშალა.
10 მარტს სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში დარჩა. აქცია 11 მარტს 3 საათზე განახლდა. სტუდენტთა მოთხოვნები არ შეცვლილა.
როდის შეიკრიბება სენატი და რა ვადებში მოხდება კანცლერის არჩევა, ამ დროისთვის უცნობია.