გიორგი მიქაუტაძე პროტესტზე: უკვე კონკრეტული მოსამართლეების დევნით გამოხატავენ პროტესტს

 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ, „უკვე პიროვნული დევნის, კონკრეტული მოსამართლეების დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს“. ჟურნალისტებთან საუბრისას მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან კმაყოფილნი, თუკი კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იქნებიან. „თუ კანდიდატურები იქნებიან არასმთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატებთან მიმართებაში, მაშინ ყველა კმაყოფილი იქნება, ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს ამ კანდიდატურებს და წარმართავს თავის საქმიანობას აბსოლუტურად დამოუკიდებლად და ყველა გარე ძალის ჩარევის გარეშე, ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მათ უკმაყოფილებას. უკვე პიროვნული დევნის, კონკრეტული მოსამართლეების დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს“ - თქვა მიქაუტაძემ. საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის შეფასებით კი, დღევანდელმა მანიფესტმა მათი დევნა დაადასტურა. „ფარსია იმაზე საუბარი, რომ თურმე ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს მსჯელობა კრიტერიუმების და პროცედურის განსაზღვრაზე, რომლის მიხედვითაც, შეირჩევიან და პარლამენტს წარედგინება კანდიდატები უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის. ეს არის ფარსი. დღეს ამ ე.წ. მანიფესტით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს არის დევნა ჩვენ მიმართ. როგორც ქალბატონმა კაპიტანმა გიგაურმა დაადასტურა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, საუბარია დაახლოებით 20-მდე ადამიანზე, რომელიც, მისი თქმით, თუ მოშორდება სისტემას, სისტემა გაჯანსაღდება“ - თქვა გვრიტიშვილმა. ___________ „მართლმსაჯულების გადასარჩენად" - ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ მანიფესტი წაიკითხეს და შემდგომი მოთხოვნები წამოაყენეს: დაუყოვნებლივ გადადგნენ მურუსიძე და ჩინჩალაძე - მანიფესტი მართლმსაჯულების გადასარჩენად