გიორგი ქებურია: ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, პოლიციელების ამოცნობა შემიძლია
„ჩვენ დაგვაკავეს კლიპის გამო, სადაც პოლიცია იყო გაშარჟებული. არანაირი ნარკოტიკი არ გვქონია. დაკავებისას კლიპზე იყო საუბარი. იმაზე რომ მან გაღიზიანება გამოიწვია და ჩვენ უნდა დავსჯილიყავით სამაგალითოდ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო.
მე მოვაწერე ხელი რადგან ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა სამართალდამცავების მხრიდან. სახელი და გვარები არ ვიცი, რადგან არ წარუდგენიათ თავი ჩემთვის, მაგრამ შემიძლია მათი ამოცნობა,"- ამბობს გიორგი ქებურია.
ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 9 ივნისს შეუფარდა.
პროცესის მეორე დღეს თბილისში რეპერების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რეპერების დაკავებას და არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ.
აქციის მიმდინარეობისას რეპერების დაკავებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა მკაცრია და პარლამენტს აღნიშნულთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვისკენ მოუწოდა.
11 ივნისს გლდანის ციხეში დაკავებული რეპერები პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკითხეს. დაკითხვის დასრულებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მოთხოვნას პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლაზე დაეთანხმება.
ასევე, პროკურატურამ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. განცხადების მიხედვით, გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს